პროფესიული განათლების მიღების მსურველების რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

დღეიდან, 10 აპრილიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს  დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით,  სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

გარდა ამ პროფესიებისა, რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებაც იგეგმება, მათ შორის ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა და რკინიგზის მონიტორინგი. ამ პროგრამას პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი