დასრულდება თუ არა თეატრის მშენებლობა მახუნცეთში სეზონის გახსნამდე

მახუნცეთში,  საზაფხულო თეატრის მშენებელ კომპანია „ახალშენს“  ქედის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ტენდერით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობაა.

156 მაყურებელზე გათვლილ თეატრს ასაშენებლად ხელშეკრულება ქედის მერიასა და  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალშენს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს 84 997 ლარზე გაფორმდა, მშენებლობა კომპანიას 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა.

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი, შესაბამისად მერია ახალ ტენდერს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად, დაახლოებით 23 000 ლარის სამუშაოებზე გამოაცხადებს.

„მშენებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ორჯერ გადავუწიეთ სამუშაოების შესრულების ვადა, თუმცა მუშაობის ტემპი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ბოლოს საერთოდ შეჩერდა კიდეც, რაზეც წერილობით გავაფრთხილე, რომ თუ სამ დღეში არ განახლდებოდა სამუშაოები, ხელშეკრულებას შევწყვეტდით, არც სამ დღეში და არც ერთ კვირაში არ განაახლეს სამუშაოები და ხელშეკრულება შევწყვიტეთ. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს,“ – ამბობს როლანდ ბერიძე და დასძენს, რომ საზაფხულო თეატრის მშენებლობა ივნისამდე დასრულდება.

ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

_______________________

ამავე თემაზე: 

დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი მახუნცეთში  
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი