მთავარი,სიახლეები

ძალადობა თუ რასობრივი დისკრიმინაცია? – იურისტის განმარტება

09.04.2018 • 2282
ძალადობა თუ რასობრივი დისკრიმინაცია? – იურისტის განმარტება

„ლოგიკური იყო გამოძიების ძალადობის მუხლით დაწყება,“ – ამბობს ანა თავხელიძე, პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი. მას ვთხოვეთ შეფასება თბილისში, დიღომში, შავკანიანი სტუდენტების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაზეც გამოძიება უკვე დაიყო.

ვიდეოზე, რომელიც „ნეტგაზეთს“ თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა იძულებით დაატოვებინა შავკანიან ახალგაზრდებს ტერიტორია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, გამოძიება ძალადობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, თუ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

„რასობრივი დისკრიმინაცია უფრო მასშტაბურ შემთხვევას ეხება, როცა შეუწყნარებლობის მოტივი გვაქვს რასებს შორის. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რასობრივი დისკრიმინაცია გამოიკვეთოს და კვალიფიკაცია შეიცვალოს, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები მოგროვდება, გამოიკითხებიან მოწმეები და გამოიკვეთება რეალური სურათი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მსჯელობა, უნდა შეიცვალოს თუ არა კვალიფიკაცია,“ – ამბობს ანა თავხელიძე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ძალადობის მუხლზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობას. მას მიაჩნია, რომ გამოძიების  მტკიცების ტვირთი  გაცილებით გაიზრდებოდა, თუკი რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით დაიწყებოდა გამოძიება.  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აპირებს თვალი მიადევნოს ამ პროცესს, რამდენად ეფექტურად წარიმართება გამოძიების პროცესი და ექნებათ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობა არის „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.“ 120-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კოდექსის მიხედვით, რასობრივი დისკრიმინაცია არის ქმედება „ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან და იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება“.

რასობრივი დისკრიმინაციისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. ძალადობის შემთხვევაში კი – 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

_________________

ამავე თემაზე: 

ვიდეო ▶ დიღომში შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ლუკა შონიას კომენტარი, თითქოს შავკანიანი სტუდენტები სტადიონზე ბავშვს ჩაგრავდნენ, ხუმრობაა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: