მთავარი,სიახლეები

9 აპრილის ტრაგედიის ქრონოლოგია აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტებიდან

09.04.2018 • 6716
9 აპრილის ტრაგედიის ქრონოლოგია აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტებიდან

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 29 წელი შესრულდა.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს.

აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს, ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა.

ნახეთ 1989 წლის 10 აპრილის ანგარიში – „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“

“დაიღუპა 16 სამოქალაქო პირი. დაშავდა დაახლოებით 200 მოქალაქე და ჯარისკაცი გუშინს შემდეგ, როცა საბჭოთა ჯარებმა იერიში მიიტანეს 8 000 მომიტინგეზე, საქართველოს დედაქალაქ თბილისში; რამდენიმე ქართველი ნაციონალისტი ლიდერი დაკავებულია.

დემონსტრანტებისა და ჯარის შეტაკებების შედეგად ერთ დღეში დაშავებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, რაც კი ყოფილა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბოლო ორი წლის მანძილზე.

არსებული შეტყობინებებით, მუშაობს კომენდანტის საათი. როგორც ქართული საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, თბილისში სიჩუმე იყო და ქუჩებში ჯარი პატრულირებდა.

რუსთაველის გამზირი 9 აპრილის მიტინგის დარბევის შემდეგ / გივი ნახუცრიშვილის ფოტო

სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ საჯაროდ გამოუცხადა სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს. თუმცა საინფორმაციო სააგენტო TASS-ის რეპორტაჟებში ადამიანების გარდაცვალებაში დემონსტრანტებს ადანაშაულებენ.

პრესის ინფორმაციით, გუშინ დემონსტრაცია აფხაზეთის დედაქალაქში 7000 ქართველით (რომელთა უმეტესობაც რესპუბლიკის სხვადასხვა მხარიდან მოვიდა) დაიშალა, როცა გაიგეს თბილისში მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. აფხაზურმა ნაციონალურმა ჯგუფმა უკვე გააუქმა საწინააღმდეგო დემონსტრაცია, ქართველებთან შეტაკების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარი: მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალის ჩვენებამ, შესაძლოა, გაწყვიტოს დემონსტრაციების ციკლი ამ მომენტისთვის, ეს დიდ გავლენას მოახდენს იმ ქართველებზე, რომლებიც აქამდე შედარებით ზომიერები იყვნენ თავიანთ ნაციონალისტურ მისწრაფებებში. ზეწოლა, სავარაუდოდ, გამოიწვევს რესპუბლიკის ლიდერის, ჯუმბერ პატიაშვილის გადადგომას. ძალადობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ქართული ორგანიზებული ნაციონალისტური მოძრაობის რადიკალიზებას,  რომელიც მართალია ჯერ კიდევ ახალი და მცირეა, მაგრამ გასული წლიდან იზრდება.

საქართველოს ხელმძღვანელობა სამძიმრის გამოცხადებასთან ერთად, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის წინააღმდეგობას აფხაზეთის გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს ჟესტი დიდად ვერ დაამშვიდებს ქართველ ნაციონალისტებს (აფხაზეთის პრობლემა გახდა მიზეზი რეჟიმის საწინააღმდეგო აქტივიზმის გამოხატვისა), მაგრამ ეს დაამშვიდებს 200 000-ზე მეტ ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში”.

საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ უკვე 11 აპრილს მზადდება კიდევ ერთი ანალიტიკური მოხსენება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სახელწოდებით: საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

მოხსენების ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტანკებმა და შეიარაღებულმა პირებმა თბილისში სიმშვიდე დაამყარეს, რესპუბლიკის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები შიგადაშიგ მაინც გრძელდება.

“დასავლური მედიის ინფორმაციით, გუშინ დილით დაშალეს სტუდენტების რამდენიმეათასიანი მიტინგი, რომელიც გაეროსგან მოითხოვდა საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლას. იყო რამდენიმე გასროლაც; დაზარალებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ჯარისკაცები ესროდნენ ხალხს, დაჭრეს 40. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ტანკებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. საბჭოთა მედია ამბობს, რომ სტუდენტების მიერ მოწყობილი არეულობა გრძელდებოდა გუშინ ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში.
უცხოელი ტურისტები და ჟურნალისტები არ დაიშვებიან თბილისში. თუმცა ისინი, ვინც იქ იმყოფება გრძელვადიანი ვიზიტით, როგორც ჩანს, კვლავ იქ რჩებიან.”

ავტორი ვარაუდობს, რომ ოფიციალურად გამოცხადებული 18-ის ნაცვლად, 9 აპრილის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია: “მსხვერპლთა რაოდენობა კვირა დღის შემდეგ შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურად აღიარებული 18; როგორც დასავლელი ჟურნალისტები წერენ, დათვლილია 22 გარდაცვლილი, ხოლო თბილისის საკათედროში გამოიკრა სია, სადაც 30 გარდაცვლილის ვინაობა წერია”, – წერია ანგარიშში.

ავტორი მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება და შევარდნაძისა და რაზუმოვსკის ვიზიტი თბილისში იმაზე მიუთითებს, რომ საბჭოთა ლიდერებმა განიზრახეს, სიტუაცია ისევე არ გაიწელოს, როგორც ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში მოხდა. “სავარაუდოდ, მოსკოვს ქართველი პარტიული ლიდერების მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ისეთი ნაციონალისტური შეხედულებებით არ გამოირჩევიან, როგორც სომხები”, – წერს ავტორი ანალიზის ნაწილში.

1989 წლის 12 აპრილის დოკუმენტი –  „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა“ იუწყება, რომ საქართველოში სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ ჯერ კიდევ იგრძნობა დაძაბულობა. „საბჭოთა მედიის ცნობით, ოფიციალური გლოვის დღეების განმავლობაში თბილისში განსაკუთრებულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა შეიარაღებული ჯარისკაცები მაინც პატრულირებენ ქუჩებში.“

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა შევარდნაძემ პარტიის შეხვედრაზე 9 აპრილს „დიდი შეცდომა“ უწოდა და მიანიშნა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯარებს ეკისრებათ. ჯუმბერ პატიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა დასძინა, რომ ადგილობრივი ლიდერები დაარწმუნეს, რომ ჯარები ძალადობრივ ქმედებებს არ გამოიყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ 9 აპრილის ძალადობა წარმოაჩინონ ისე, თითქოს მოვლენების განვითარება მათ კონტროლს მიღმა იყო. გრძელდება კომენდანტის საათის დამრღვევთა დაპატიმრება, რითაც ხელისუფლება ცდილობს აღადგინოს კონტროლი ქალაქზე.“

1989 წლის 15 აპრილს იგზავნება კიდევ ერთი ანალიტიკური მოხსენება, სახელწოდებით: საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი. დოკუმენტში საუბარია პარტიული ხელმძღვანელების ცვლილებაზე 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის გადაყენებით მოსკოვი მეტ-ნაკლებად მოიგებს 9 აპრილის ტრაგედიით აღშფოთებული ხალხის გულს. თუმცა, ამავე დროს, მის ნაცვლად ადგილობრივი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსის, გივი გუმბარიძის დანიშვნით გამოიწვევს ნაციონალისტების უკმაყოფილებას.

“საქართველოში ძლიერი ანტიმილიტარისტული განწყობაა. მოხდა ორი ადგილობრივი გაზეთის დასაბეჭდად გამზადებული ნომრების კონფისკაცია, რადგან ნომრები შეიცავდა სტატიებს, სადაც მეორდებოდა, რომ ჯარისკაცებმა მომიტინგეებს სამხედრო ნიჩბებით სასიკვდილოდ სცემეს. გუშინ სამხედრო გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ სტატიების საპასუხოდ გამოაქვეყნა მკაცრად დამცავი წერილი, სადაც უარყოფილი იყო მომიტინგეთა ცემის ფაქტები”.

ასევე, ავტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ პანაშვიდებს 2 000-მდე მგლოვიარე ადამიანი დაესწრო. პოლიცია და ჯარისკაცები მათ აკვირდებოდნენ, მაგრამ ხელს არ უშლიდნენ.

9 აპრილის მიტინგზე დაღუპულთა პატივსაცემად მისული ხალხი / გივი ნახუცრიშვილის ფოტო

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/127429/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/127727/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/41502/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: