განათლება,მთავარი,სიახლეები

„მარცხი გასწავლის, გახდე უკეთესი“ – ბათუმელი მეთერთმეტეკლასელი ბრიტანეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაზე 

08.04.2018 • 7150
„მარცხი გასწავლის, გახდე უკეთესი“ – ბათუმელი მეთერთმეტეკლასელი ბრიტანეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაზე 

მარიამ მიქელაძე 16 წლის არის. სექტემბრიდან ის დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება – მარიამს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში – St Catherine’s, Bramley სწავლის გასაგრძელებლად ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. მარიამის ცხოვრებაში პირველად ხდება, როცა ოჯახისგან შორს, დამოუკიდებლად იცხოვრებს. მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა. მარიამი გვიყვება იმაზე, რამდენად რთულია ამ გზის გავლა:

შემდეგი სასწავლო წლიდან მივდივარ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოს წმინდა კატერინას სკოლაში – ერთი წელი მაქვს გარანტირებული დაფინანსება. ამ ერთი წლის განმავლობაში როგორი იქნება ჩემი აკადემიური მოსწრება, რამდენად აქტიურად ვიქნები ჩართული პროცესებში, ამის მიხედვით გადაწყვეტენ მეორე წელს დავრჩები თუ არა.

სკოლებსა და მოსწავლეებს შორის კოორდინირებას HMC-ი ახდენს, ანუ ის აწვდის ბრიტანეთის სკოლებს ინფორმაციას ჩვენ შესახებ და შემდეგ სკოლა თვითონ აფინანსებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც, მათი აზრით, არიან პერსპექტიულები და რომლებშიც ღირს ინვესტიციის ჩადება. ასეთ მოსწავლეებს აფინანსებენ ან სრულად, ან ნაწილობრივ. მე მივიღე სრული დაფინანსება. ბათუმიდან სულ სამნი ვართ გამარჯვებული, მათ ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს.

თქვენ ხართ მე-11 კლასში. აქ რომ დარჩენილიყავით, კიდევ ერთი წელი მოგიწევდათ სკოლაში სწავლა. ბრიტანეთში კი ორი წელი უნდა ისწავლოთ. ამ სხვაობის თავსებადობა როგორ იქნება?

ბრიტანეთში აქვთ განსხვავებული სისტემა – ეს არის კოლეჯის ტიპის სასწავლებელი, რომელშიც სწავლობენ 16-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდები. რადგან მე სექტემბერში ვხვდები 17 წლის, მიწევს მეექვსე ფორმის კოლეჯში სწავლა, რომელიც გათვლილია აბიტურიენტებზე. ჩემი სკოლის სასწავლო პროგრამა ემსახურება იმას, რომ სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარონ უნივერსიტეტებში სასურველ ფაკულტეტებზე. ამიტომ, სწავლა აქ იქნება გაცილებით რთული, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში, უფრო მეტი დატვირთვა იქნება, როგორც სწავლების, ისე აქტივობების მხრივ. გავივლი Level A საგნებს და თუ წარმატებით ჩავაბარებ გამოცდებს, მაშინ ნებისმიერ უნივერსიტეტში შემეძლება ამ შედეგებით ჩავირიცხო.

აქაური სკოლისგან განსხვავებული კიდევ რა იქნება, რას გთავაზობენ?

საგნების დიდი არჩევანია. არის სახელოვნებო საგნები, რომლებიც საქართველოში არ ისწავლება, მაგალითად, დრამა, თეატრალური მეცნიერებები, ხელოვნებათმცოდნეობა, ფერწერა და ფოტოგრაფია. მე, პირადად, ავირჩიე ბიოლოგია, ფსიქოლოგია, რომელიც ასევე არ ისწავლება ჩვენთან, დრამა და ისტორია. ჩემი აზრით, კარგი არჩევანია, რადგან ვფიქრობ, რომ ფართო არეალი მექნება შემდგომში. რა თქმა უნდა, შეიძლება საგნების შეცვლაც. ანუ მე მომიწევს ცოტა საგნის შესწავლა, მაგრამ სიღრმისეულად.

ჩვენს სკოლებში მე-11 კლასში 10 საგანი მაინც ისწავლება, იქ ცოტა საგანი გექნებათ. თქვენი აზრით, ბრიტანული სკოლების ამ მოდელს ქართულთან შედარებით აქვს უპირატესობა?

ჩემი აზრით, ამ კოლეჯის სწავლების მეთოდოლოგია ძალიან სწორია. ის არის 16 წლის ზემოთ ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე ფიქრობენ უნივერსიტეტზე, პროფესიაზე – რაღაც დონეზე გათვლილი აქვთ მომავალი. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მოსწავლეს, რომელსაც უნდა გახდეს ექიმი, არ ავალდებულებენ ხელოვნების ან მათემატიკის სწავლას. პროფილის ფარგლებში ირჩევენ საგნებს, რაც შემდგომში ეხმარება ორიენტაცია გააკეთონ იმ სფეროებზე, რომლებიც აინტერესებთ და უფრო ხარისხიანი პროფესიონალები გახდებიან. როდესაც 10 საგანს სწავლობ, ბოლომდე ხარისხიანად ვერ აკეთებ, გადაღლილი ხარ და დროს კარგავ. ეს, ჩემი აზრით, არაფრისმომცემი და მომაბეზრებელია. ჩემი გამოცდილებით, მე-10 კლასის ჩათვლით უნდა ისწავლებოდეს ყველა საგანი, რომ ბავშვმა გამოკვეთოს საკუთარი ინტერესები, მაგრამ როდესაც 16 წელს ზევით ხარ, უნდა ისწავლო ის, რაც გაინტერესებს, რომ უფრო მომზადებული იყო შენი სამომავლო პროფესიისთვის.

რატომ აირჩიეთ ბრიტანეთი და როგორ გაიგეთ ამ პროგრამის შესახებ?

პროგრამის შესახებ გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით. ვიფიქრე, რომ ჩემთვის ეს იქნებოდა ძალიან მაგარი შესაძლებლობა. ბრიტანეთი არის განათლების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ცნობილია მისი საგანმანათლებლო სისტემით. ძალიან მინდოდა ასეთი მაღალი დონის სისტემაში მიმეღო განათლება.

რამდენად რთულია ამ პროგრამას გაჰყვე და მიხვიდე ბოლომდე, ან რა პროცედურების გავლა მოგიხდათ?

პროცედურა არის ასეთი, უნდა შეავსო დიდი აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ რთულად შესავსებია. აპლიკაციაში შედის შენი და შენი მშობლების შესახებ ზოგადი ცნობები, სკოლის ნიშნები, ასევე დასაწერია პირადი ესეი, რომელშიც მოჰყვები შენი ცხოვრების, ინტერესების შესახებ, შენი ხასიათის შესახებ და არის კიდევ  დასაწერი თემები კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც მოცემულია აპლიკაციაში. ეს პირველი ეტაპია. პირველივე ეტაპზე ასევე ამოწმებენ ინგლისურის დონეს, მე დავწერე TOEFL junior-ი, მაღალი ქულა მქონდა და შეიძლება ესეც დამეხმარა.

აპლიკაციის გაანალიზებით, ამ დოკუმენტების მიხედვით წყვეტენ გასაუბრებაზე გადახვიდე თუ არა. შემდეგ გასაუბრება გაქვს ბრიტანელებთან. გასაუბრება ბოლო ეტაპია. გასაუბრების შთაბეჭდილებითა და დოკუმენტების შეფასებით მერე უკვე სკოლა გირჩევს.

თქვენ პირველად მიდიხართ ასე დიდი ხნით მარტო. მშობლებისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებთ. ამის გამო ღელავთ?

ვფიქრობ, თავიდან ძალიან გამიჭირდება. 16 წელი ვიცხოვრე ჩემს ქალაქში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, მომენატრება ყველაფერი, ანუ არ ვარ ძალიან გახარებული იმით, რომ ჩემი ქვეყნისგან შორს ვიქნები, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, რომ ეს აპლიკაცია შემევსო და მერე გავიმარჯვე, ესე იგი, მზად ვიყავი წასასვლელად. შეგრძნება, რომ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, ეს ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, ახალ კულტურასთან, სისტემასთან შეგუება მოითხოვს დროს და ნერვებს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. 16 წლის ვარ და ცვლილებებთან შეგუება, დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ვისწავლო. ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ადაპტაცია არ მიჭირს, თუ მომწონს ის გარემო, სადაც ვარ.

თუ მიგიღიათ აქამდე სხვა მსგავს კონკურსებში მონაწილეობა და დამარცხება როგორი შეგრძნება იყო – ბრძოლისუნარიანობას ასუსტებს მარცხი თუ პირიქით, გაძლიერებს?

მე ვმონაწილეობდი „ფლექსის“ პროგრამაში და მაშინაც ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ ამერიკაში წავსულიყავი. ყველა ეტაპი გადავლახე, მაგრამ რატომღაც ვერ მოვხვდი ფინალში. ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ერთი-ორი მარცხის გამო ვფიქრობ არ უნდა დაყარო ფარხმალი. რეალურად, იმ პროგრამაში რომ გამემარჯვა, დღეს აქ ვერ მოვხვდებოდი. ვფიქრობ, ეს პროგრამა ჩემთვის უკეთესი შანსიც არის.

წინა გასაუბრებაზე მივხდი, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთე. ამან უფრო მომცა სტიმული, რომ შემდეგში უკეთესად გამეკეთებინა. მარცხი გამოცდილებას გძენს, გასწავლის როგორ გახდე უკეთესი.

უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას?

სამწუხაროდ, ჯერ ზუსტად არც ის ვიცი, რომელ ფაკულტეტზე გავაგრძელებ სწავლას, მაგრამ უფრო ამერიკული უნივერსიტეტები მომწონს. ჩემი სკოლა საკმაოდ პრესტიჟული სკოლაა. თუ დავამთავრებ წარმატებით, კარგ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის  შესაძლებლობაც მექნება.

ინფორმაციებს როგორ იღებდით ამ პროგრამების შესახებ ? როგორ მოიძიო უნივერსიტეტები, სკოლები – ბევრს უჭირს ამის გაკეთება.

ინფორმაციის პირველი წყარო არის სოციალური ქსელები, ვებგვერდები. ასევე დავდივარ ხოლმე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საერთაშორისო განათლების ცენტრში, სადაც მოსწავლეებს აწვდიან ხოლმე ინფორმაციებს მსგავსი პროგრამების შესახებ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: