განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებში საათობრივი ბადე გამარტივების ნაცვლად რთულდება – ახალი პროექტი 

07.04.2018 • 12065
სკოლებში საათობრივი ბადე გამარტივების ნაცვლად რთულდება – ახალი პროექტი 

საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საათობრივი ბადის პროექტი. პროექტის მიხედვით, საათობრივი ბადე არ გამარტივებულა, პირიქით – უფრო დატვირთულია. რამ გამოიწვია საათობრივი ბადის დატვირთვა და არა გამარტივება? ამ საკითხის ირგვლივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა განათლების სამინისტროში არ ისურვეს. თემაზე „ბათუმელებთან“ „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი მუხრან გულიაშვილი საუბრობს.

ბატონო მუხრან, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისთვის ახალი საათობრივი ბადის პროექტი უკვე გამოქვეყნდა. ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ საათობრივი ბადე უნდა განტვირთულიყო. რას ფიქრობთ ამაზე?

იმ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როცა სამინისტრო განიხილავდა საათების შემცირებას. მაშინ მართლა კარგი არგუმენტები ჰქონდათ, იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ უფრო მეტი თავისუფალი დრო, რომ სხვა აქტივობებით უნდა დაკავდნენ, იმავე სპორტული აქტივობებით და ეს იყო დამაჯერებელი არგუმენტები. მე ყოველდღიური შეხება მაქვს სკოლასთან და ნამდვილად ვხედავ ამის საჭიროებას.

საგნებისა და საათების დამატება გამოიწვევს იმას, რომ მოსწავლეებს დღის განმავლობაში უფრო მეტ გაკვეთილებზე მოუწევთ დასწრება, რაც მათ გადაღლის.

ამ პროექტის მიხედვით, ფაქტობრივად, ყოველ დღე 7 გაკვეთილის მოსმენა უწევთ.

ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რამდენად დიდი განსხვავებაა, როცა მოსწავლესთან ატარებ პირველ, მეორე და მესამე გაკვეთილს და როცა ატარებ, მეექვსე, მეშვიდეს. გადატვირთულობა, ზოგადად, მე  ქართული სასკოლო სისტემის ერთ-ერთ ძირითად ხარვეზად მიმაჩნია. გადავიკითხე ახალი პროექტი და არგუმენტები ვერ ვნახე, რის საფუძველზეც ცდილობენ გაამართლონ საათების მომატება.

როცა რაიმე ახალი შემოგაქვს, პრობლემაზე უნდა იყოს პასუხი. აქ არსად ჩანს, რა უმარტივდება მასწავლებელს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრობლემა სწორად არ არის დანახული, რადგან დღეს პრობლემა სწორედ საათობრივი ბადეს გადატვირთულობაა.

თუ აქამდე ხედავდნენ განტვირთვის აუცილებლობას და თვითონაც საუბრობდნენ ამაზე სამინისტროში, მაშინ პროექტის შედგენისას  რატომ აკეთებენ საპირისპიროს?

იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ვინც გადაწყვეტილებას იღებს ზემოდან და ვინც ამაზე ფიქრობს, მას არ აქვს ახლო შეხება სასკოლო ცხოვრებასთან. დადეს პროექტი, ჯერ დაველოდებით მასწავლებლების გამოხმაურებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებასო. ასეთი ფორმატები, რომ იქ, სადღაც კომენტარს დაწერს მასწავლებელი, ან სადმე შეხვედრას გამართავენ და იქ მოისმენენ მასწავლებლის აზრს და გაიგებენ ჭეშმარიტებას, ასეთ შეხვედრებზე, ჩემი აზრით, არ ვლინდება ის რეალობა, რაც სკოლაშია. ეს ფორმატი არის არასწორი. თუ გადაწყვეტილების მიმღებმა თვითონ არ იცის, არ არის ჩახედული, მას უშუალო შეხება არ აქვს ყოველდღიურად სკოლასთან, ასე გადაწყვეტილების მიღება რთულია.

თუ აქამდე არ მოუსმენიათ მასწავლებლების არგუმენტები სამინისტროში, ამის შემდეგ რა გარანტია არსებობს, რომ მოისმენენ. წესით, ჯერ ხომ უნდა ემსჯელათ და შემდეგ დაედოთ პროექტი?

ამიტომაც ვერ დავინახე საფუძველი, რის გამო დაამატეს საათები. ერთადერთი არგუმენტი ეწერათ, რომ სჭირდებათ სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიების ცოდნა, რადგან 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები და მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია. ამ ლოგიკით ძალიან ბევრი რამეა საჭირო და ყველაფერზე საგნის დამატება არასწორია.

მედიაწიგნიერება მოსწავლეს შეიძლება ვასწავლოთ ონლაინკურსებითაც, რაღაც სხვა არაფორმალური მეთოდებით და არ სჭირდება ამას საგნის დამატება. ჯერ ის ვასწავლოთ კარგად, რასაც სწავლობენ, რადგან ფაქტია, რომ იმას, რასაც ახლა სწავლობენ მოსწავლეები და რა საგნებიც აქვთ, კარგად ვერ სწავლობენ. ოფიციალური სტატისტიკით, თუნდაც CAT-ის გამოცდებში იჭრება მოსწავლეების 15 პროცენტი. საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ არ არის კარგი შედეგი.

ჯერ იმის სწავლებასაც ვერ ვახერხებთ მაღალი ხარისხით, რასაც უკვე ვსწავლობთ. კიდევ რომ დავამატოთ ამას საათები, გამოდის, რომ ცუდად ვასწავლით ბევრს. დღეს ხარისხია განათლების პრობლემა და არა საათები.

მიუხედავად საათობრივი ბადის გადატვირთულობისა, საბუნებისმეტყველო საგნებს მაინც ცოტა დრო ეთმობა პროექტის მიხედვით – კვირაში ორი საათი. მხოლოდ ინგლისურის, მათემატიკისა და ქართული ენის საათებია გაზრდილი.

როცა ცვლილებას ახორციელებ, ნებისმიერი მიმართულებით, რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეს და ეს მიზანი უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული. ამ შემთხვევაში, რატომ ემატება მათემატიკას, ქართულს ან ინგლისურს ერთი საათი, ამის ახსნა მე ვერსად ვნახე. საათების გაზრდა ნამდვილად არ იქნება სწორი.

როგორ ფიქრობთ, მაინც რა შეიძლება იყოს ასეთი საპირისპირო ცვლილების მიზეზი?

თავდაპირველი არგუმენტი, რომ საათობრივი ბადე უნდა განტვირთულიყო, ყოფილი მინისტრიდან მოდიოდა. შემდეგ შეიცვალა ხელმძღვანელობა და ალბათ სხვა მოსაზრებები გაჩნდა.

ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მოსწავლეების სპორტული აქტივობებით დაკავებაზე ახალი მინისტრიც ხომ საუბრობს.  

სკოლაში სპორტის გაკვეთილებს ორი საათი ეთმობა კვირაში და ეს გაკვეთილებიც, ვხედავთ, რომ ძალიან დაბალი ხარისხისაა. აქედან ჩანს, რომ სამინისტროს მოსაზრებები და გადაწყვეტილებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ის ხალხი, ვინც ექვსი თვის წინ ამბობდა, რომ ბადე უნდა განტვირთულიყო, ახლა ვხედავთ, რომ დატვირთულია განტვირთვის ნაცვლად და ეს აუცილებლად აისახება სწავლის ხარისხზე.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეები ვერ ახერხებენ შესვენებას, სრულფასოვან კვებას, წარმოიდგინეთ მე-6, მე-7 გაკვეთილზე მოშიებული ბავშვის ყურადღების კონცენტრაცია როგორი იქნება, ან მისი მოტივაცია.

როგორი მასწავლებელიც არ უნდა მიუყვანო და როგორი ტექნოლოგიაც არ უნდა იყოს კლასში, ფიზიოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მოსწავლე ვერ იქნება აქტიური.

ადრე მასწავლებლები ამბობდნენ, რომ სახელმძღვანელოები იყო გადატვირთული და ამიტომ ვერ ასწრებდნენ მოცემულ დროში ყველაფრის მიწოდებას. ახალი სახელმძღვანელოების პროექტს თუ იცნობთ და როგორ იმუშავებს ამ საათობრივი ბადის პირობებში?

არ მინახია ახალი სახელმძღვანელოები, მაგრამ თუ საათები იქნება გადატვირთული, სახელმძღვანელოებიც შესაბამისი იქნება.

რადგან საათები დაემატა, ალბათ ეს შესაბამისი საგნების მასწავლებლების ანაზღაურებაზეც აისახება. როგორ ფიქრობთ, ისინი ისაუბრებენ ამაზე ხმამაღლა?  

რა თქმა უნდა, არასწორია, როცა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება საათებზეა დამოკიდებული. მე არ ვიცი მასწავლებლებისთვის რამდენად ზუსტად არის ეს ყველაფერი ცნობილი, მაგრამ როცა მათ ეუბნებიან, რომ თავიანთი აზრი გამოხატონ, უმეტესობამ არც კი იცის, სად უნდა გამოხატოს ეს აზრი, რომელ ფორუმებზე და, შესაბამისად, მათი ჩართულობაც დაბალია. ნებისმიერ რეფორმაში მასწავლებლების აზრის გათვალისწინება, თუნდაც იმავე სქემის შემთხვევაში, ძალიან  დაბალია.

პრობლემაა ისიც, რომ რაღაც ახალი ინიციატივები ჟღერდება, შემდეგ კი შუაში ჩერდება. იგივე „თავისუფალი გაკვეთილების იდეა“, მარგველაშვილის პერიოდში იყო, რომ ოლქებად უნდა დაყოფილიყო სკოლები… ყველაფერი ჩერდება, იკარგება.

თქვენი აზრით, როგორ უნდა გამარტივებულიყო საათობრივი ბადე?

აპირებდნენ პროგრამიდან ამოეღოთ გარკვეული საკითხები და აეტანათ მე-12 კლასში. მაგრამ ეს ასე აღარ გაკეთდა, როგორც აქედან ჩანს. რადგან ასეთი არათანმიმდევრულობა გვაქვს რეალობაში, რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია.

რაღაც სხვა ფორმატები უნდა არსებობდეს, სადაც ასეთ საკითხებზე მსჯელობა იქნება შესაძლებელი. როცა ჯერ რაღაცას იტყვი და თითქმის გადაწყვეტილია ეს საკითხი, შემდეგ იმაში ჩართულობა აზრს კარგავს.

ახალი საათობრივი ბადის პროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: