მთავარი,სიახლეები

როდის გაიზრდება აჭარის მთიანეთის ა(ა)იპ-ებში ხელფასი?

06.04.2018 • 2188
როდის გაიზრდება აჭარის მთიანეთის ა(ა)იპ-ებში ხელფასი?

აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტების მერიაში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით არაერთი წერილობითი მოთხოვნაა შესული. თანამდებობრივი სარგო აქ 150 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ხელფასი – 800 ლარი მხოლოდ ხულოს ა(ა)იპ-ის – „მუნიციპალური სერვისების“ დირექტორს აქვს.

დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღის, წყალკანალის, ბაგირგზის თანამშრომლებსა და კულტურისა თუ სპორტის სფეროში მომუშავეებს.

გაიზრდება თუ არა  აიპის თანამშრომლების ხელფასი, რამდენი პროცენტით ან როდის? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. აქ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ და ხელფასის მატების საკითხი განიხილება, თუმცა როდის მიიღებენ გაზრდილ ხელფასს თანამშრომლები, არ იციან.

„საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ იდეაში არის მატება, ჩამოყალიბებული ვართ, რომ უნდა მოვუმატოთ ხელფასი, თუმცა რამდენი პროცენტით, როგორ და რანაირად შეიძლება ხელფასის მატება,  ამ საკითხზე ფინანსისტებთან ყოველდღიურად გავდივართ, დაახლოებით ოთხი თვეა საუბარია ხელფასების გაზრდაზე,“  –  ამბობს შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე და დასძენს, რომ ყველა ა(ა)იპ-ში ხელფასები ერთდროულად გაიზრდება.

„პროცესი მიმდინარეობს, ვერ გეტყვით დეტალებს, საკითხი დიდი ხანია დაწყებულია, შედეგებს ველოდებით – ხელფასი მოიმატებს,“ – აცხადებს ხულოს მერი, გოჩა მელაძე. კითხვაზე, რატომ ვერ ხდება ხელფასის გაზრდა და რა ქმნის პრობლემას? – მერი პასუხობს, რომ ხელფასის გაზრდის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს აქამდე არ ჰქონდა.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ „აიპების“ თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასის გაცემას მაისში გეგმავენ, თუმცა არც აქ არის დაზუსტებული, რამდენით გაიზრდება ხელფასი – 30 თუ 50 პროცენტით. 

„დეტალები ზუსტდება, არ მინდა ვინმეს იმედები გავუცრუო და წინასწარ ვისაუბრო დეტალებზე, 99% – ით გადაწყვეტილია ხელფასის გაზრდა,“ – ამბობს ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: