ჰიპერმარკეტები ვადის ამოწურვის მოტივით მზა საკვებს ყრიან

სუპერმარკეტში, მზა საკვები პროდუქტების დახლთან, ალბათ თქვენც გიკითხავთ, ახალია თუ არა სალათი, ან ღვეზელი. ზოგიერთ კონსულტანტს კი გულწრფელად უთქვამს, რომ სალათი, რომლის შეძენასაც აპირებდით, გუშინდელია.

ოფიციალურად სუპერმარკეტებსა თუ ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ მზა პროდუქტების ვარგისობის ვადები მკაცრად კონტროლდება და „გუშინდელი“ არაფერი აქვთ.

სად მიაქვთ მზა საკვები პროდუქტები მაღაზიებს ვადის გასვლის შემდეგ და რატომ არ იზიარებენ ისინი სხვა ქვეყნების ბიზნესის პრაქტიკას – ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს და მაღაზიებსაც საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.

„ბათუმელები“ ამ თემაზე ოთხი ჰიპერმარკეტის წარმომადგენლებს ესაუბრა. ჰიპერმარკეტებმა კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუმალავს, რომ მორჩენილ მზა საკვებს ისინი, უბრალოდ, ანადგურებენ.

„განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები და ვადები“, – ამ სახელწოდებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება აწესრიგებს საკვები პროდუქტების შენახვის წესებს. სამართლებრივ აქტში დეტალურადაა გაწერილი ამა თუ იმ პროდუქტის შენახვის ვადა. მაგალითად, ცომეულის შენახვის ვადა 6 საათია, ქაბაბის და კატლეტის – 12 საათი. მაიონეზით შეკმაზული, თუ ზეთით მომზადებული სალათის ვარგისობის მაქსიმალური ვადა მხოლოდ 6 საათია.

წესები ჰიპერმარკეტებშიც იციან. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მარკეტები ფასდაკლებებზე ან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის საკვების უფასოდ, ან შეღავათიან ფასად გადაცემაზე ამბობენ უარს, რისკია – სალათი ან ღვეზელი მალე ფუჭდება.

„ჩვენთან მკაცრად კონტროლდება თითოეული მზა საკვები პროდუქტის შენახვის ვადა. ვადის გასვლის შემდეგ საკვები პროდუქტის უტილიზაცია ხდება,“ – გვითხრა ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა. აქ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელსაც გაგვასაუბრეს, რომელმაც დეტალურად განმარტა თითოეული საკვების შენახვის ვადა.

რატომ არ აცხადებს „გუდვილი“ ფასდაკლებას მზა საკვებ პროდუქტებზე, როცა ვადის გასვლამდე მცირე დრო რჩება? – ამ სხვა კითხვებზე „გუდვილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ოფიციალური კომენტარის მოცემა მხოლოდ სამუშაო დღეს შეუძლიათ.

„გუდვილის“ თანამშრომლებმა გასაუბრების დროს ასევე აღნიშნეს, რომ გამოცდილების შესაბამისად ორგანიზაციას აქვს გათვლა და იმდენ პროდუქტს ამზადებს, რამდენიც იყიდება და მორჩენილი საკვების რაოდენობა ხშირად მცირეა. მალფუჭებადი პროდუქტებიდან ჰიპერმაკეტი ფასდაკლებას ხშირად ხილზე აკეთებს.

ჰიპერმარკეტში ასევე გვითხრეს, რომ ვადაგასულ პროდუქტებს ერთმანეთში ურევენ და ისე ყრიან სანაგვე ურნებში, ის საკვებად არავინ რომ გამოიყენოს.

„ფასდაკლებას ვაცხადებთ ძირითადად თევზსა და ხორცზე. ეს მაშინ ხდება, როცა შენახვის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება. დანარჩენი მზა საკვები პროდუქტები ნადგურდება, ამის დოკუმენტაცია არსებობს და ეს კონტროლდება სხვა სამსახურების მიერ…“ – გვითხრა ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა.

მზა საკვები პროდუქტს სთავაზობს კლიენტს „იალჩინ მარკეტიც“. ამ მარკეტის მენეჯერი მხოლოდ წერილობით დაგვპირდა პასუხის გაცემას. მარკეტის კონსულტანტების თქმით კი, ვადაგასულ მზა საკვებ პროდუქტებს, ძირითადად, ნაგავში ყრიან.

საღამოს 8-დან 12 საათამდე 50 %-იანი ფასდაკლებით მზა საკვების გაყიდვის გამოცდილება ბათუმში „ფუდმარტს“ აქვს. აქ გვითხრეს, რომ გასულ წლის მაისიდან შეჩერდა ეს აქცია. ორი წლის განმავლობაში იგი წარმატებით მიმდინარეობდა.

„წარმატებული იყო, მაგრამ ჩვენთან ისედაც კარგად იყიდება ყველაფერი. მენეჯერებმა ჩათვალეს, რომ ასეთი აქცია საჭირო აღარ იყო,“ – აღნიშნავს „ფუდმარტის“ თანამშრომელი. მისი თქმით, საღამოს რვიდან იმ პროდუქტებს ყიდდნენ, რომლებსაც ვადის გასვლამდე მცირე დრო ჰქონდა დარჩენილი. ფასდაკლების აქცია ამ ჰიპერმარკეტს თბილისში ახლაც აქვს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი