მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

კვარიათის პლაჟზე, სადაც, წესით, ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს, კერძო პირებს შეაქვთ გარკვეული კონსტრუქციები და დაყარეს მიწა, რითაც პლაჟი, მაგისტრალის გასწვრივ, ამაღლდა. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას მერია სეზონურად გასცემს იჯარით. გასულ წელს საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა ნოემბერში გაუვიდა. მერიამ ნაკვეთების იჯარით გაცემაზე მიმდინარე წელსაც უნდა გამოაცხადოს პირობიანი აუქციონი და პლაჟით მოსარგებლეებიც ამ გზით უნდა გამოვლინდეს.

რა ხდება კვარიათის პლაჟზე? – „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, პლაჟზე კერძო პირმა მიწა უნებართვოდ დაყარა: „კვარიათში სახლს აშენებს და ამოთხრილი მიწა დაყარა, ამბობს, არ ვიცოდიო. ჩვენმა სამსახურმა ის გააფრთხილა, დღეს და ხვალ მიწა უნდა გაიტანოს პლაჟიდან. თუ არ გაიტანს, გატარდება სანქცია მის მიმართ და მივმართავთ სასამართლოს“.

რაც შეეხება კონსტრუქციების შეტანას პლაჟზე, ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ტერიტორია, სადაც მიწა დაყარეს, ჯამში 18 301 კვ/მ-ია [ერთი საკადასტრო ერთეული]. ის 2016 წელს მთლიანად ბათუმის ბულვარზე იყო უზუფრუქტით გადაცემული. გასული წლის ივნისში კი ტერიტორია მერიამ რამდენიმე ნაკვეთად დაყო და პირობიანი აუქციონი ცალ-ცალკე გამოაცხადა.

აუქციონის პირობის მიხედვით გამარჯვებულს (მოიჯარეს) იჯარის უფლებით სარგებლობაში  მიღებულ  მიწის ნაკვეთზე უნდა განეთავსებინა მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობაგართობისა და კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით, რომელიც მყარად არ იქნებოდა დაკავშირებული მიწასთან. ზოგადად, აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება მიწის ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების ნაგებობა გარდა მითითებულისა.

აუქციონის პირობების მიხედვით, 2017 წელს იჯარის ვადა ზოგ ნაკვეთზე ივლისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდი იყო, ზოგზე კი – 31 ოქტომბრამდე.

მოიჯარეები ვალდებულნი იყვნენ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 20 კალენდარული დღის განმავლობაში მოეხდინათ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ განთავსებული ობიექტის დემონტაჟი და სანაპირო ზოლიდან გატანა. გამოთავისუფლებულ ნაკვეთებზე კი მერია აუქციონს ხელახლა აცხადებს.

ამ დროისთვის მერიას აუქციონი გამოცხადებული არ აქვს.

თვითნებურად დაყრილი მიწა კვარიათის პლაჟზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com