მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში

05.04.2018 • 4450
ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში

მერაბ მოწყობილი, პოლიციელი: “ის აძვრა ხეზე და აღარ ჩამოდიოდა… სულ ეს იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია”.

რეზო ხარაზი: “ხეზე ასვლა ჩემი თვითმიზანი არ იყო. ჩემი მიზანი იყო უკანონო პროცესის შეჩერება. ეს ხე მოპარული იყო”.

ეს კითხვა-პასუხი მოსამართლე სალიხ შაინიძემ მოისმინა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, გუშინ. 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

პოლიციელების – მერაბ მოწყობილისა და რამინ ადუაშვილის ვერსიით, სოლომონ ბაჯელიძემ ხესთან ავტომანქანით ჩახერგა გზა, რეზო ხარაზი – ხეზე აძვრა და ამით “პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა”.

“გარდა იმისა, რომ ხიდან არ ჩამოდიოდა, სხვა რა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა რეზო ხარაზი?” – იკითხა მოსამართლემ.

პოლიციელებმა, რომლებმაც ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შეადგინეს, თქვეს, რომ რეზო ხარაზი ხიდან ჩამოსვლაზე აცხადებდა უარს, სოლომონ ბაჯელიძემ კი, ავტომანქანა არ გადააყენა.

“შესაბამისად, ჩაიხერგა გზა და მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეეზღუდათ,” – დასძინა პოლიციელმა, რამინ ადუაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ ჩახერგილი გზით ხის გადატანის პრობლემა შეიქმნა.

“ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, რის საფუძველზე გადაჰქონდათ ხე, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები. ამ დოკუმენტებს ველოდით 4 საათი…” – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

“ეს მანქანა ელგუჯა ბაგრატიონის იყო, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის,” – თქვა სოლომონ ბაჯელიძემ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ვიდეოკადრები ნახა. კადრებში ჩანს, რომ რეზო ხარაზი პოლიციელებს იძულებით ჩამოჰყავთ ხიდან. ავტომანქანის გადაყენებაზე კი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს უარს. უმაღლესი საბჭოს წევრი კადრებში პოლიციელებს მიმართავს, რომ მანქანას არ გადააყენებს, ვიდრე არ დადასტურდება ის, რომ ხე მოპარული არ არის.

“არსად ჩანს, რომ დაკავებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა,” – აღნიშნა პაატა დიასამიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა. ეს ორგანიზაცია ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ინტერესებს იცავდა.

“ეს კადრები ტელევიზიებითაც ნანახი მქონდა,” – დასძინა მოსამართლემ. მან საქმის განხილვა 18 აპრილისთვის გადადო, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან.

სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, რეზო ხარაზსა და სოლომონ ბაჯელიძეს დააჯარიმებენ 250 ლარიდან 2 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ – 15 დღით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: