ხულოში ხანდაზმულებისთვის კლუბი აშენდება

ვეტერანებისა და ხანდაზმულებისთვის კლუბის ასაშენებლად საჭირო პროექტს,  ხულოს მერიის დაკვეთით კომპანია „ანჩაუსი“ ამზადებს. პროექტი, რომელიც დაბაში, ცხრა აპრილის ხეივანში, ერთ სართულიანი ადაპტირებული შენობის მოწყობას გულისხმობს, კომპანიამ ხულოს მერიას ხვალ, 6 აპრილს უნდა წარუდგინოს. ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე ამბობს, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ ეცოდინებათ რა თანხა დასჭირდება ერთსართულიანი კლუბის მოწყობას.

„9 აპრილის ხეივანში ამ დროისთვის ღია ფანჩატურია, სადაც ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან, ჭადრაკსა და ნარდს თამაშობენ, მათგან წამოვიდა მოთხოვნა კლუბი აგვეშენებინა, რაც შესაძლებლობას მისცემდა ხანდაზმულებს, რომ ცივ და ცუდ ამინდებშიც შესძლებოდათ შეკრება და თამაში.

პირველ ეტაპზე, შენობის პროექტი შევისყიდეთ, დამპროექტებელმა კომპანიამ  ხვალ უნდა წარმოგვიდგინოს სამშენებლო პროექტი, შესაბამისად გვეცოდინება რა თანხა დასჭირდება აშენებას. პროექტი დაახლოებით 20 ადამიანზე გათვლილ, ადაპტირებულ და გათბობით უზრუნველყოფილ შენობის მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობასთან ერთად შევიძენთ საჭირო მაგიდებსა და სკამებს. რაც შეეხება სათამაშო ინვენტარს, კულტურის ცენტრს აქვს ინვენტარი და მოხდება გადატანა. შენობა წელს მოეწყობა, მშენებლობისთვის საჭირო თანხებს კი მაისში, ბიუჯეტის კორექტირებისას გამოვყოფთ“ – ამბობს ზაზა აბულაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი