მასწავლებელი ქალები ხულოდან [ფოტოისტორია]

ამ ძველ ფოტოზე მასწავლებლები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე არიან გამოსახული. ფოტო, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული.

ფოტოს ციფრული ვერსია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიანეში ინახება, ორიგინალი კი – ხულოში. ძველ, საოჯახო ფოტოალბომში დაცული ეს ფოტო ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების უფროსმა, ლია ბოლქვაძემ იპოვა და გააციფრულა:

„რელიქვიად ჰქონდათ შენახული ოჯახში. ვთხოვე, ამოვიღე და გავაფიცრულე, მე ჩავიტანე თბილისში.

ვიცით, რომ ფოტოზე არიან მასწავლებელი ქალები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე, რომლებიც ხულოში მუშაობდნენ. ცნობილია, რომ ისინი სოფელ ყადიოღლებში, ახლანდელ განახლებაში ცხოვრობდნენ, ბოლქვაძეების ოჯახში და ხულოში ასწავლიდნენ. რამდენ ხანს დარჩნენ ხულოში, სამწუხაროდ, არ ვიცით. ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა ეს დეტალები არ იციან.“

მინადორა სურგულაძე და მარო თალაკვაძე. ფოტოს ორიგინალი დაცულია ხულოს ბიბლიოთეკაში

ლია ბოლქვაძის აზრით, მარო და მონადორა, სავარაუდოდ, ხულოს ქალთა პედაგოგიურ ტექნიკუმში ასწავლიდნენ, რომელიც ხულოში 30-იან წლებში გაიხსნა. ეს ტექნიკუმი სტუდენტთა პირველმა გამოშვებამ 1934 წელს დაასრულა.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული ხულოში და მთიანი აჭარის სხვა რაიონებში, ძირითადად, ქალები ასწავლიდნენ.

კონკრეტულად ვინ იყო პირველი მასწავლებელი ქალი ხულოში, ამაზე ზუსტი ცნობების მოპოვება ვერ შევძელით, თუმცა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ეკატერინე ქუთათელაძე, რომელიც ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე ხულოს სოფელ ზედა აგარის სკოლაში ასწავლიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com