მთავარი,სიახლეები

ქვეყნები ევროპაში, სადაც სექსში ფულის გადახდისთვის კლიენტს აჯარიმებენ 

04.04.2018 • 3495
ქვეყნები ევროპაში, სადაც სექსში ფულის გადახდისთვის კლიენტს აჯარიმებენ 

პროსტიტუციის მოდელი, როცა სჯიან პირს, ვინც სექსში ფულს იხდის, პირველად შვედეთმა მიიღო 1999 წელს. შემდეგი იყო ნორვეგია და ისლანდია 2009 წელს, 2014 წელს – კანადა, 2015 წელს – ჩრდილოეთ ირლანდია. 2016 წელს – საფრანგეთი. ამ მოდელის მთავარი პრინციპი მარტივია: პროსტიტუცია ძალადობაა.

ახლა ამ მოდელის დამკვიდრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განიხილავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროსტიტუციის აკრძალვას თანაბრად ჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე. მოდელს „სკანდინავიური“ უწოდეს, თუმცა სკანდინავიის ქვეყნებშიც ამ დრომდე დებატები არ დასრულებულა თემაზე: გამოიღო თუ არა დადებითი შედეგი პროსტიტუციის აკრძალვამ.

„ამ ქვეყნებმა აირჩიეს გზა, რომ დასაჯონ კლიენტი. აქ მიიჩნიეს, რომ პროსტიტუცია არის ქალზე ძალადობის ფორმა და არ აქვს მნიშვნელობა, პროსტიტუცია ხორციელდება ნებაყოფლობით თუ არა. კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ ქალების უმრავლესობა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ერთვებიან სექსინდუსტრიაში და არა საკუთარი სურვილით. ამ ქვეყნებში პროსტიტუცია მიიჩნევა სტრუქტურული უთანასწორობის ფორმად, სადაც მამაკაცი პროსტიტუციას ექსპლუატაციის საშუალებად იყენებს. ამ მოდელს ფემინისტურ მოდელსაც უწოდებენ,“ – ამბობს თამარ დეკანოსიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

საია უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. საია საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაციას მოითხოვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროსტიტუციის გამო სექსმუშაკს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პროსტიტუცია მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. კანონი მხოლოდ სექსმუშაკი ქალის დაჯარიმებას ითვალისწინებს, მაშინ როცა ამ აქტის მონაწილე მეორე მხარეს არავითარი სანქცია არ ემუქრება. სისხლის სამართლის წესით კი, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა და პროსტიტუციაში პირის იძულებით ჩართვაა დასჯადი.

როგორ იმუშავა „სკანდინავიურმა მოდელმა“ პროსტიტუციასთან მიმართებით? – თამარ დეკანოსიძის თქმით, ზუსტი პასუხი არ არსებობს და კვლევები, რომლებიც ამ თემაზე ტარდება, ურთიერთსაპირისპირო შედეგს აჩვენებს.

„შვედეთში მიიჩნევენ, რომ ამ მოდელმა წარმატებით იმუშავა და პროსტიტუცია მნიშვნელოვნად შემცირდა. საფრანგეთში ახლაც ცხარე დისკუსიის საგანია, რა შედეგი მოიტანა ამ მოდელმა. საერთოდ ყველა მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ მოდელის უარყოფით ფაქტორად ძირითადად ასახელებენ იმას, რომ კლიენტის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა არ იწვევს პროსტიტუიციის აკრძალვას, პირიქით, ეს მეტი საფრთხის წინაშე დააყენებს სექსმუშაკებს, რადგან მათ უწევთ ზრუნვა კლიენტის უსაფრთხოებაზე. თუ სექსმუშაკს უნდა, რომ ეს მომსახურება გასწიოს, უნდა გააკეთოს ეს ისეთ პირობებში, რომ კლიენტის იდენტიფიცირება არ მოხდეს, ის რომ არ დასაჯონ“, – აღნიშნავს თამარ დეკანოსიძე.

სასჯელის რა ფორმებს ითვალისწინებს პროსტიტუციის სკანდინავიური მოდელი? – საია-ს იურისტის თქმით, სასჯელის სახეებია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

„2008 წლის მდგომარეობით ჩანდა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში სასჯელის სახედ, ძირითადად, ჯარიმა იყო გამოყენებული. რამდენად ხშირად დააჯარიმეს ადამიანები პროსტიტუციის მომსახურების მიღების გამო, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ამ ქვეყნებისთვის სახელმწიფოს პოლიტიკური ნების გაცხადებაა მთავარი, რომ პროსტიტუცია არის ქალზე ძალადობის ფორმა და არა ის, რომ პრაქტიკაში სანქცია მკაცრად გამოიყენონ ,“ – ამბობს თამარ დეკანოსიძე.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: