მთავარი,სიახლეები

„აღარ აჩვენოთ გველები, ტურისტები არ მოვლენ“ – რას ჰყვებიან ადამიანები ანგისის დასახლებიდან

04.04.2018 • 4532
„აღარ აჩვენოთ გველები, ტურისტები არ მოვლენ“ – რას ჰყვებიან ადამიანები ანგისის დასახლებიდან

„აღარ აჩვენოთ გველები არსად,“ – ამას თითქმის ყველა მეორე გეტყვით ანგისის დასახლებაში. ჟურნალისტის გამოჩენა აქ უკვე არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მერიამ ტერიტორია შეწამლა და გველები აღარ არიან. უმრავლესობა კი ვერ მალავს, რომ გველი დღესაც ნახა სახლის ეზოში, ჭიშკართან ან მდინარისპირას…

აქ ახლა იმას დარდობენ, რომ ფოტოები ანგისის დასახლების ქვეწარმავლებზე მთელმა ქვეყანამ ნახა და ტურისტები არ ეყოლებათ. ვინაობის გამხელის გარეშე თუ ვინაობის დასახელებით ანგისელებმა თხოვნა დაგვაბარეს მერიასთან – „იქნებ, მდინარის კალაპოტი მოწესრიგდეს და შეიწამლოს, ნაგვის ბუდეა და გველი ასე მარტივად არ მოისპობა.“

„აგერ ქვა რომაა დიდი, აი, მაქ იკრიბებიან გველები. მაქაა მაგენის სადგური,“ – გვიყვება მიხეილ მალაყმაძე. მისი თქმით, მუდმივად მოდიოდნენ მოსახლეობაში ქვეწარმავლები მდინარე მეჯინისწყლიდან.

„მდინარის გაღმა რომ სახლია, მაგასთან გუშინწინ იყო შესული დიდი გველი, მოკლეს,“ – გვითხრა მიხელ მალაყმაძემ.

„გადაიღეთ ეს კალაპოტი, რა დღეშია, ნაგვის ბუდეა. ბუდეში გველი იქნება, აბა, რა იქნება. სანამ კალაპოტი არ მოწესრიგდება, გველი აქ ყოველთვის იქნება. ეს მდინარე პირდაპირ ზღვაში ჩადის, ესეც პრობლემაა“, – ამბობს ნუკრი საითაძე.

ნუკრის თქმით, ბათუმის მერიამ გასულ წელს შეწამლა მდინარის კალაპოტი და გველი ნაკლებად იყო. წელს კი მდინარე ამ დრომდე არ დაუსუფთავებიათ.

„არავითარი გველი არ არის აქ. ბავშვებმა იხუმრეს რაღაც და ფოტოები დადეს… მერე მერია მოვიდა, შეიწამლა აქაურობა და გველი საერთოდ აღარ არის,“ – გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა. მას ვუთხარით, რომ მისი მეზობლები ყოველდღიურად ახლაც ნახულობენ გველებს. „ერთი, ვნახავ, ტურისტებს როგორ მიიღებენ“, – მოგვიჭრა მან მოკლედ.

ვინაობის გამხელა არც იმ ქალმა ისურვა, რომელთანაც გველი პირველ სართულზე მდებარე ოთახში შევიდა, ამბავს კი მოგვიყვა:

ქვეწარმავალი, რომელიც ანგისის დასახლებაში მოქალაქეებმა დააფიქსირეს

„გაქირავებული მაქვს ის ოთახი, არაა ახლა მდგმური. ქალი შევიდა ოთახში, კარი მიიხურა და გველიც შეიყოლა… არ ვიცი, როგორ მოხდა. ატყდა კივილი, გველი, გველიო და მოკლეს, ფოტო არ გადაგვიღია“.

რატომ არის მდინარის კალაპოტი, რომელიც ბულვარიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა, მოუწესრიგებელი და როდის აპირებს კალაპოტის დასუფთავებას მერია? – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე „ბათუმის წყალი“ მუშაობს.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში განმარტეს, რომ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მათი კომპეტენცია მხოლოდ სანიაღვრე არხებიდან შლამის გატანაა.

ხელახლა მიმართვის შემდეგ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მდინარის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან სანდასუფთავების სამსახურმა უნდა დაასუფთავოს.

„მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი, რაც ქალაქის ტერიტორიაზეა, ყოველდღიურად სუფთავდება დღეში ორჯერ. ყოველ წუთში იქ ვერ იქნებიან ჩვენი თანამშრომლები,“ – გვიპასუხეს სანდასუფთავების პრესსამსახურში.

პრესსამსახურის უფროსმა, ირინე ბერიძემ რამდენიმე წუთში დაგვირეკა და გვითხრა, რომ ამ დროისთვის მართლაც არის ნაგავი მდინარის კალაპოტში. მისი თქმით, ისინი რეგულარულად აჯარიმებენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც კალაპოტს ანაგვიანებს. რამდენი პირი დაჯარიმდა ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტის დანაგვიანებისთვის – ეს ინფორმაცია სანდასუფთავების სამსახურმა ვერ მოგვაწოდა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: