პატარაძე ბათუმის პორტზე: გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის

„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს.

ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, რომ წავიდა ის დრო საქართველოდან, როცა ხდებოდა ბიზნესის რეკეტირება, დაყაჩაღება, წილების გადაფორმება. ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული, ეს არის ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა.“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან რამდენჯერმე დარეკა ასტანაში, მაგრამ მისი თქმით, კომპანიასთან სატელეფონო საუბრის თემა მხოლოდ მოშიმშილე ადამიანები იყვნენ.

„მე მივიღე უპირობო გარანტია, რომ შემცირება და რეორგანიზაცია არ ჩატარდება ბათუმის პორტში და ეს პროცესები აღარ მიმდინარეობს. მე მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომლებიც შიმშილობენ, შეწყვიტონ ეს აქცია. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე და აჭარის მთავრობა შეასრულებს მედიატორის როლს… დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ქართული მხარისათვის და, რა თქმა უნდა, ინვესტორისთვისაც,“ – აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.

ზურაბ პატარაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა ირაკლი მოწყობილის შესახებ, რომელიც ბათუმის პორტში დირექტორის მრჩევლად მუშაობს. ირაკლი მოწყობილი ზურაბ პატარაძესთან დაახლოებული პირია და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს აღნიშნეს, რომ ირაკლი მოწყობილი ბათუმის პორტში ზურაბ პატარაძის დავალებებს ასრულებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის დიდი ტერიტორია, კომპაქტურია ულამაზესი ბათუმი და მთელი რეგიონი. ბევრ ადამიანს ვიცნობთ და თუ ვიცნობთ ვინმეს, ეს არ არის დანაშაული. გამორიცხულია ვინმეს ჩართულობა, გამორიცხულია აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლის ჩართულობა ამ საკითხში, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – გვიპასუხა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის პორტის ექვსი თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. ისინი პორტის ხელმძღვანელის უპირობოდ გადადგომას ითხოვენ.

ამ თემაზე:

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი