ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს

„ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი და ტერმინალი,“ – აცხადებს გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბათუმის პორტისა და ტერმინალის მართვის უფლებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს. გია აბულაძე ამბობს, რომ პორტის მოქმედ მენეჯმენტზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს.

ბათუმის პორტში მესამე დღეა თანამშრომლების ერთი ჯგუფი შიმშილობს. 

„თქვენ ნახავთ სულ მოკლე დროში, რომ ივანიშვილის კომპანია ხელში ჩაიგდეს ბათუმის პორტსა და ტერმინალს… პორტს უკვე მეორე წელია უნდა მართვის უფლების გასხვისება ყაზახურ კომპანიაზე, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ ეს არ მოხდეს. ცენტრალური ხელისუფლებიდან პროცესს მართავს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და მისი წარმომადგენელი ბათუმის პორტში არის ლევან გურგენიძე [საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ამჟამად ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მოადგილე]. ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დავალებებს ასრულებს ირაკლი მოწყობილი [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად პორტის დირექტორის მრჩეველი]. რეორგანიზაციაც არის ამ პროცესთან დაკავშირებული. ხელისუფლებას სურს, რომ მტკივნეული პროცესი ახალი კომპანიის შემოსვლამდე დაასრულოს.

ცნობილია სტატისტიკა, რომ პორტში ყოველწლიურად მცირდება ტვირთბრუნვა, სერიოზული პრობლემა აქვს შექმნილი კომპანიას და წელსაც ზარალს პროგნოზირებენ. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ დაანონსა, რომ თითქოს ბათუმის პორტში აშენდება სასუქების ტერმინალი. ამით რეალურად მოამზადეს ნიადაგი, რომ შემოვა ახალი კომპანია, რომელიც კომპანიაში ჩადებს ფულს და გაზრდის ტვირთბრუნვას. სინამდვილეში შემოვა კომპანია, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული და ივანიშვილს ეკუთვნის. საუბარია ორ კომპანიაზე, ამიტომ დეტალურად ახლა ვერ ვიტყვით, რომელი კომპანია ჩაიგდებს ხელში ბათუმის პორტს,“ – თქვა გია აბულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რა ადასტურებს იმას, რომ ბათუმის პორტისა და ტერმინალის მენეჯმენტზე ხელისუფლება ახდენს ზეწოლას? – „თუ დააკვირდებით მენეჯმენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, ისინი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვიღაცები მართავენ ამ პროცესს, რომ ამ პროცესზე მთლიანად პასუხისმგებლობას მენეჯმენტი არ იღებს… ზეწოლაზე ღიად მენეჯმენტმა უნდა ისაუბროს,“ – გვიპასუხა გია აბულაძემ.

„ჩვენი ინფორმაციით, მმართველი გუნდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. აქციის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ ყაზახურ მხარეს სურს გაყიდოს პორტის მართვის უფლება. რას იტყვი ამის შესახებ? რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას გუშინ დაუსვა.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არსებულ სიტუაციას სამართლებრივად აფასებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები,” – მოგვწერა პასუხად “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში კუანიშ ჟოლდასოვმა.

ამ თემაზე:

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი