დაახლოებით საათნახევრის წინ Youtube-ს სათავო ოფისის ტერიტორიაზე, რომელიც კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ბრუნოში მდებარეობს, სროლა იყო. როგორც BBC-ი იუწყება, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
სან ბრუნოს პოლიციის ცნობით სროლაში ეჭვმიტანილი ქალი შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სუიციდი ჩაიდინა.
Associated Press-ის ცნობით, სან-ფრანცისკოს მთავარი ჰოსპიტალი სროლის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს მკურნალობს, მათგან ერთ-ერთის, 36 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია.
The Guardian-ი წერს, რომ პოლიციას არ აქვს დეტალები თავდასხმის მოტივის შესახებ. მათივე ცნობით, სან-ბრუნოს პოლიციის უფროსმა, ედ ბარბერინიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მოტივი ეფიქრა, იქ მეორე მსროლელიც იყო, მაგრამ გამოძიება მაინც გაგრძელდა.
როგორც Euronews-ი წერს, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების შეფასებით, ეს არ არის ტერორისტული აქტი.