აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს.

ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს.

დოკუმენტები, რომლებიც წლების განმავლობაში გრიფით – საიდუმლო ინახებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში, გამოითხოვა IDFI-ს პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივმა.

დოკუმენტები ეხება არამარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია.

ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელშიც განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე მოვლენები, 1989 წლის 6 აპრილის მოხსენებაა სათაურით – „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“. ეს მოხსენება სახელმწიფო დეპარტამენტში 6 აპრილს გაუგზავნიათ, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოდან.

დოკუმენტის შემდგენი წერს:

აფხაზეთის კომპარტიის თავმჯდომარე: სტატუს-კვოს შეცვლა

15 მარტს აფხაზეთის კომპარტიის პირველმა მდივანმა ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც მოითხოვდა აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას ან პირდაპირ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადაცემას. იუწყება ქართველი დისიდენტი (ეს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 17% არის ეთნიკურად აფხაზი).

ქართული დამოუკიდებლობის ზოგიერთი წამყვანი აქტივისტი მიიჩნევს, რომ ადლეიბას ქმედებას მოსკოვიდან მფარველობენ, ქართული ეროვნული მოძრაობის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დასაზიანებლად. აქტივისტების აზრით, ადლეიბა ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე.

ზოგიერთმა ქართველმა აქტივისტმა თქვა, რომ ისინი ხედავდნენ ადლეიბას პოლიტიკურ ოპორტუნისტად და არა აფხაზ ნაციონალისტად. მეორე მხრივ, მოსკოველმა ინტელექტუალმა თქვა, რომ როგორც ქართველი მეგობრისგან გაიგო, ადლეიბამ პეტიციას ხელი იძულებით მოაწერა. უარი რომ ეთქვა, პეტიციონერები ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებას მოაწყობდნენ, რომ მის წინააღმდეგ მიეცათ ხმა არჩევნებში სახალხო დეპუტატთა კონგრესზე (5 აპრილს “იზვესტიამ” დაადასტურა, რომ ადლეიბა აირჩიეს).

ქართველი ნაციონალისტები მოსკოვის ხელს ხედავენ

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წყაროებზე დაყრდნობით, 25 მარტს, ათობით ათასი ქართველი მარშირებდა თბილისის ცენტრში მთავრობის სახლთან. როგორც ისინი ამბობდნენ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საქართველოსგან აფხაზეთის ჩამოცილებისკენ.

სროლა აფხაზეთში მასობრივ დემონსტრაციაზე

შეტყობინებების თანახმად, ქართველმა აქტივისტებმა, მათ შორის მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ და გიორგი ჭანტურიამ, სოხუმში (აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი) 31 მარტს ორგანიზება გაუწიეს პროქართულ დემონსტრაციას იმის საჩვენებლად, რომ აფხაზეთის გამოყოფას მოსახლეობაში სუსტი მხარდაჭერა აქვს. პირველ აპრილს, სოხუმის გარდა აფხაზეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა პროქართული დემონსტრაციები, მათ შორის ლესელიძეში.

შეტყობინებების თანახმად, აფხაზების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ავტობუსს, სადაც ისხდნენ პროქართველი დემონსტრანტები. ქართულ დისიდენტურ წყაროებზე დაყრდნობით, ლესელიძეში დემონსტრანტების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი კრიტიკულადაც.

ქართველი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ თავდასხმა, ადგილობრივი (გუდაუთას) რაიკომის პირველი მდივნის ოზგანის მიერ იყო ორგანიზებული. იგივე წყაროები ირწმუნებიან, რომ აქვთ ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება ოზგანი იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს (ჩვენ არ გვინახავს ეს ფოტოები და არ შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ნამდვილობა).

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წყაროებზე დაყრდნობით, როგორც იუწყებიან, 4 აპრილს რამდენიმე ათეული ათასი დემონსტრანტი  შეიკრიბა თბილისის მთავრობის სახლთან. შეტყობინების თანახმად, 5 აპრილს მათი რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. დაახლოებით 100-მა ადამიანმა, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) ლიდერმა გიორგი ჭანტურიამ და ახლად შექმნილი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა შიმშილობა დაიწყეს. შეტყობინების თანახმად, დემონსტრანტები  მოითხოვდნენ:

– ადლეიბას გადადგომას;

– ოზგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას;

– და “მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის” დასრულებას

როგორც იუწყებიან, თბილისი პარალიზებულია

როგორც იუწყებიან, თბილისი აპრილში “უმეტესწილად” პარალიზებული იყო.

უნივერსიტეტმა, ისევე როგორც სკოლების უმეტესობამ და ინსტიტუტებმა, ჩვენი წყაროების ცნობით, შეაჩერეს მუშაობა. დაიხურა მეცნიერებათა აკადემია და როგორც იუწყებიან, დაახლოებით ნახევარი რესპუბლიკის გადაზიდვებისა შეჩერებულია. თბილისის საავიაციო ქარხნისა და ელექტროსადგურის მუშები გაიფიცნენ; ანალოგიურად თბილისის ელექტროსადგურისა.

იუწყებიან, რომ 5 აპრილის მდგომარეობით, ქართულ მედიას თითქმის არ გაუშუქებია დემონსტრანტები. შეტყობინების თანახმად, სოხუმის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებიც გაიფიცნენ, 2 აპრილს ცეცხლის გახსნის ინციდენტის გასაპროტესტებლად.

აკადემიკოსმა სახაროვმა (დაცულია) 3 აპრილს ნატოს ელჩს შეატყობინა, რომ იმ ქართულმა წყაროებმა, რომელთაც იგი სანდოდ მიიჩნევდა, შეატყობინეს, რომ აპრილის პირველი უქმეებისთვის, თბილისიდან აფხაზეთში გაიგზავნა ჯარისკაცები, რათა თავიდან აეცილებინათ ეთნიკური დაძაბულობის ნიადაგზე იქ წარმოქმნილი შესაძლო ეთნიკური დაპირისპირება. ქართული დისიდენტური წყაროებიც იმავეს იუწყებიან. 

სახაროვმა ასევე დასძინა, რომ, როგორც გაიგო, სოხუმში, 31 მარტს ანტიქართული დემონსტრაცია გაიმართა და მან პარალელი გაავლო აფხაზეთში არსებულ სიტუაციასა და მთიან ყარაბაღში, 1987 წლის ბოლოს არსებულ სიტუაციებს შორის, ანუ მანამ, სანამ ყარაბახის კრიზისი გამძვინვარდებოდა.

მოხსენების ავტორი ტექსტის ბოლოს ადრესატებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეჭვგარეშეა საქართველოში გარკვეული დაძაბულობა ეთნიკურობის ნიადაგზე, ისინი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რადგან ინფორმაციის წყაროები წარსულში მიდრეკილნი იყვნენ ფაქტების გაზვიადებისკენ.

“ეროვნული მოძრაობა”, ფოტოს ავტორი: გივი ნახუცრიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან