შეხვედრა მედიასთან ხელვაჩაურში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში მეექვსე შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გაიმართა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე და „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ესაუბრნენ.

შეხვედრის ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ინფორმაციისა გაცვლასა და დისკუსიას სხვადასხვა პრობლემაზე.

არჩილ კახაძე და მარი ბოლქვაძე

არჩილი კახაძე, „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი: „ბათუმელები“ 2001 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიზანია ასახოს ადამიანის უფლებები, სოციალური მდგომარეობა, გარემო, რომელიც მოქმედებს ადამიანის ყოფაზე. დღეს მედიაში დიდია კონკურენცია, ამბავი უნდა იყოს სწრაფი, ახალი. თუ გინდა რომ ადამიანი კითხულობდეს, უნდა გქონდეს ექსკლუზიური ინფორმაცია.

ჩვენი მიზანია თქვენი მოსმენა. გვინდა გავიგოთ, რა პრობლემები გაწუხებთ. ჩვენ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ვართ, მაგრამ მათზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია.

მარი ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი: ჩვენ გადაცემისთვის არ ვწერთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ისედაც ხშირად ვხედავთ ეკრანებზე, გვინდა, რომ ამ გადაცემაში იყოს ხალხი.

შეხვედრაზე გამოვლენილი პრობლემები მსგავსია ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დასახელებული პრობლემებისა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების არარსებობა, გაუმართავი სპორტული მოედნები, პედაგოგებმა ასევე აღნიშნეს საბანკო სერვისების არახელმისაწვდომობა, ვინაიდან ანაზღაურების მისაღებად მათ ქალაქში უწევთ ჩასვლა.

მედიის წარმომადგენლებმა დასაწყისშივე ისაუბრეს სკოლის მოძველებულ შენობასა და სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურაზე. საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ელიან ტენდერის გამოცხადებას, რის შემდეგაც სკოლის ახალი შენობა უნდა აიგოს, იქამდე კი ქედქედის საჯარო სკოლის 105 მოსწავლე ახლომდებარე შენობაში, მეორე სმენაში გააგრძელებს სწავლას. მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ სკოლის ბიბლიოთეკის, ბუფეტისა და ლაბორატორიების მდგომარეობით. აღმოჩნდა, რომ სკოლაში არ ფუნქციონირებს სასადილო. ბიბლიოთეკა კი განახლებულია თანამედროვე ლიტერატურით.

დალი კახიძე: ადრე სკოლაში გვქონდა ლაბორატორიები, ახლა არ გვაქვს, თურმე საჭირო ყოფილა.

მარი ბოლქვაძე: პედაგოგებს სამმაგი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ მოსწავლეებს აუხსნან ქიმიური რეაქციები, თუმცა ძალიან რთულია, წარმოსახვით როგორ უნდა მიხვდე ეს ყველაფერი.

ნინო მალაყმაძე: ერთ-ერთი ქიმიის მასწავლებელი სასწაულებს აკეთებს, ერთხელ მოიყვანა დამხმარე და კლასში მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ქიმიური ცდები, ლაბორატორიის გარეშე, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს.

ლინეტა მსხალაძე, მოსწავლე: მე-11 და მე-12 კლასის ზოგიერთი წიგნი გამოუსადეგარია, ცოტა რაოდენობითაა და ყველას არ გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ.

ნერვისტან მსხალაძე: სტუდენტებზე არ ვრცელდება შეღავათი, ისე როგორც ქედას, შუახევს და ხულოს აქვს. სამინისტროში რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ ხელვაჩაურზე არ ვრცელდებაო.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

მარი ბოლქვაძე: მუსიკის გაკვეთილები როგორ ტარდება?

მამული ზაქარაძე, მოსწავლე: კლუბი გვაქვს, გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი მოდის და ვისაც სურვილი აქვს, იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ხელვაჩაურში მათემატიკის და ინგლისურის წრეა.

ნინო მალაყმაძე: უნივერსიტეტში მუშაობს ნოდარ კოპინაძე, რომელმაც საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. გაკვეთილების შემდეგ აქ მოდის და ბავშვებს ამეცადინებს ზოგად უნარებში, ამ ყველაფერს თავისი ხარჯებით, სრულიად უანგაროდ აკეთებს.

თამარ კურცხალიძე: სოფლის მოსახლეობა შემცირდა, აქ არ არის სამუშაო ადგილები და ყველა სამუშაოდ წავიდა. ყოველდღე აქედან ქალაქში სიარულს ამჯობინეს, რომ იქ გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

მარი ბოლქვაძე: სოფლის სკოლებში ძირითადი პრობლემაა პედაგოგების მოძიება, მაგალითად, ინგლისურის, სამოქალაქო განათლების. ამ კუთხით გაქვთ თუ არა პრობლემა?

თამარ კურცხალიძე: სოფელში ბევრი მასწავლებელი გვყავს და გარდა ამისა, ქალაქიდანაც დადიან. სერტიფიცირებულ პედაგოგებს რაც შეეხება, ძალიან ცოტა გვყავს, თუმცა ამ საკითხზეც ვმუშაობთ.

შეხვედრის ბოლოს გადაცემა „ჰეშთეგის” ჟურნალისტმა მოსწავლეებს მოქალაქე ჟურნალისტის სტატუსით ჩართვა შესთავაზა, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, ხელი შეუწყონ სოფლის პრობლემების გაშუქებას.

მარი ბოლქვაძე: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ტელეფონებით გადაიღოთ რაიმე პრობლემა, რასაც ხედავთ და ჩვენ გამოგვიგზავნოთ. აუცილებლად გავაშუქებთ. მართალია, ეს ყველაფერი ანაზღაურების გარეშეა, თუმცა თქვენს სახელ-გვარს აუცილებლად გავაჟღერებთ.

მსგავსი შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ ოთხი დისკუსია გაიმართება, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში.

____________________________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.