მთავარი,სიახლეები

აშენდება თუ არა ფეხით გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში

03.04.2018 • 4876
აშენდება თუ არა ფეხით გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა, რომელიც არაადაპტირებული იქნებოდა, მერიის გათვლებით, 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ქალაქის ბიუჯეტში ხიდის მშენებლობისთვის 186 100 ლარი იყო გათვალისწინებული.

ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთ კომპანიას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, მერიის სატენდერო კომპანიამ დისკვალიფიკაცია მისცა.  შპს „ემბიეი ჯორჯია“ მერიას ხიდის აშენებას 179 ათას ლარად სთავაზობდა.

რატომ არ გამოაცხადა მერიამ ტენდერი ხელახლა? – „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მიმდინარეობს განხილვა, პროექტში უნდა შევიდეს ცვლილება და შესაძლოა ადაპტირებული ხიდი გაკეთდეს.

„პროექტში ცვლილებების შეტანის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი ხიდის მშენებლობაზე, თუმცა კონკრეტულად როდის, ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს, 2 აპრილს, ბრიფინგი გამართა ენმ-ს წევრმა როინ ზოიძემ. პარტიაში აცხადებენ, რომ აპირებენ მიმართონ უშუალოდ ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს, რათა ის პირადად ჩაერთოს და გადაჭრას აღნიშნული საკითხი.

ხიდის მაკეტი, რომელიც ბარცხანაში უნდა აშენებულიყო.

ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. გასულ წელს კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი [ადაპტირებული – ავტ.] ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ გამავალი სარკინიგზო ხაზი დაასახელეს: „იქ ეტლით მოსარგებლეთათვის ლიფტის დამონტაჟებაც კი ვერ მოხერხდება“.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, თენგიზ პეტრიძე კი „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ადაპტირებული ხიდის დაპროექტება თავიდანვე განიხილებოდა, თუმცა ეს სარკინიგზო ხაზის გამო ვერ მოხერხდა.

ბათუმი, ბარცხანის დასახლება

ბათუმი, ბარცხანის დასახლება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: