მთავარი,სიახლეები

სახელმწიფოს განაჩენი 6 წლის გიორგის, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება

03.04.2018 • 1704
სახელმწიფოს განაჩენი 6 წლის გიორგის, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება

გიორგი 6 წლისაა. მას დაბადებიდან სხვადასხვა დაავადება აქვს – უჭირს მეტყველება, გადაადგილება, ჭამა… გიორგის არასდროს უვლია საბავშვო ბაღში. მას ბათუმში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრში დარჩენაზეც უარი უთხრეს.

რას სთავაზობს გიორგის სახელმწიფო? – საბოლოო პასუხი, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მივიღეთ, არის ის, რომ გიორგი უნდა დაელოდოს, როდის გამოჩნდება ვინმე, ვინც მას მინდობის წესით მიიღებს.

„დღის ცენტრის დირექტორი მეუბნებოდა, ბავშვი როცა 6 წლის გახდება, მოიყვანე და დავიტოვებთო. ახლა გიორგი 6 წლისაა, მაგრამ მის დატოვებაზე იმავე დირექტორისგან კატეგორიული უარი მივიღე. მითხრა, რომ კანონი შეიცვალა და ეპილეფსიით დაავადებული ბავშვის დატოვების უფლება აღარ აქვს,“ – გვითხრა გიორგის დედამ, მარინა ჭაღალიძემ.

მარინა მარტოხელა დედაა. დედა-შვილის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა.

„სააგენტოში მეუბნებიან, რომ არ მოიძებნა პირი, ვინც გიორგის მინდობით აღზრდაში აიყვანს. ელოდებიან, როდის გამოჩნდება პირი, რომელიც შშმ ბავშვს მინდობით აღზრდაში აიყვანს. მე მინდა ვიმუშაო და ბავშვს მივხედო. თუ ეს მოხერხდება, აღარ მენდომება მინდობით ბავშვის გადაცემა… ძალიან გვიჭირს. ნაქირავები ბინაც შევიცვალე და ახლა ამის გამო სოციალური შემწეობა შეჩერებული მაქვს. მეც სამკურნალო ვარ… მხოლოდ პენსიას ვიღებ და უფასო სასადილოდან მომაქვს საჭმელი. ბავშვს კიდევ იმდენი რამ უნდა… ძალიან დავიღალე. მეშინია არ დავეცე,“ – ამბობს მარინა ჭაღალიძე.

„ამ ბავშვს ვერ დავიტოვებთ დღის ცენტრში, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება ბავშვის უფლების დარღვევა,“ – აღნიშნავს ნანა საყვარელიძე, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ხელმძღვანელი. იგი განმარტავს, რომ 2015 წელს კანონი შეიცვალა და შშმ ბავშვები დაიყო საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე დაავადების მქონე პირებად. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გიორგის მისაღებად ცენტრში შესაბამისი პირობები არ აქვს, რადგან გიორგის დაავადებები „ძალიან მძიმედ“ არის შეფასებული.

„მაგალითად, ძალიან მძიმე კატეგორიის ბავშვს, როგორიც გიორგია, დღეში მინიმუმ ერთი მომვლელი სჭირდება. ჩვენთან კი ერთი მომვლელი უვლის 6 ბავშვს. გარდა ამისა, უნდა მუშაობდეს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, უნდა არსებობდეს ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია… გიორგის ამ ეტაპზე არ აქვს ვაუჩერი სახელმწიფოსგან და რომც ჰქონდეს, ჩვენ მას ვერ დავიტოვებთ, რადგან რამე რომ მოხდეს, ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს,“ – გვითხრა ნანა საყვარელიძემ.

რას სთავაზობს 6 წლის გიორგის და მის დედას სახელმწიფო? – სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გიორგის ადგილზე მოვლა სჭირდება და ის დღის ცენტრით ვერ ისარგებლებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ მომსახურების მიღება მოქალაქეს ბათუმის მერიაში შეუძლია. ბათუმის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ადგილზე მოვლის პროგრამა მხოლოდ უსინათლო და ეტლით მოსარგებლე პირებს ეხება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში ვერ დაგვიზუსტეს, კონკრეტულად რა პროგრამით შეიძლება ისარგებლონ გიორგიმ და მისმა დედამ –  მარინა ჭაღალიძემ. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ შშმ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი უფრო მეტი გამოჩნდება, ვიდრე აქამდე, რადგან დაფინანსება ამ კუთხით წელს გაზარდეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ,,მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის პროგრამა“ 2015 წლიდან ხორციელდება. ეს გულისხმობს 7-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ბინაზე. პროგრამა მხოლოდ თბილისში [43 ბენეფიციარი], თელავსა და ზუგდიდში [10-10 ბენეფიციარი] ხორციელდება.

სახელმწიფო თითოეულ ბენეფიციარზე, ვისაც ბინაზე მოვლა სჭირდება, თვეში 300 ლარს ხარჯავს. სააგენტოში არ აქვთ პასუხი, რის გამო არ გამოჩნდა აქამდე ბათუმში ან საქართველოს სხვა ქალაქში რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ სერვისს შექმნიდა და სახელმწიფოსგან თვეში 300-ლარიან ვაუჩერს მიიღებდა:

„ამ ეტაპზე შესაბამისი მოთხოვნით არ მოუმართავთ აჭარიდან ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სერვისისთვის საჭირო მოთხოვნებს და ჰყავთ კვალიფიციური კადრი სერვისის მიწოდებისთვის. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო მომსახურებისა და ღონისძიებების განხორციელებას კვალიფიციური ადამიანური რესურსითა და შესაბამისი  სპეციალისტებით და ამასთან, დააკმაყოფილებს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  წლის სახელმწიფო პროგრამის” მოთხოვნებს, შეუძლია მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირდეს სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში და განახორციელოს აღნიშნული სერვისი,“ – წერილობით აცნობეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

სოციალური სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე ბენეფიციარის მოვლაში იგულისხმება:

„ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერება და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა; ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე, ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად მომვლელის – განვითარების სპეციალისტის – და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტების: ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის, სოციალური მუშაკის – მომსახურებას. ასევე ექიმები მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში აკვირდებიან ბავშვის განვითარებას, ქცევას, კვების რეჟიმს.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: