მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი გარემოს დაცვამ 2000 ლარით დააჯარიმა

03.04.2018 • 2265
ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი გარემოს დაცვამ 2000 ლარით დააჯარიმა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში სოციალურად დაუცველ დიასამიძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი 2018 წლის 12 თებერვალს დაეწვა. სახლის დაწვიდან რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამსახურმა უსახლკაროდ დარჩენილი დიასამიძეები სახერხი დანადგარის უკანონოდ გამოყენებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

ოჯახის წევრი, ამირან დიასამიძე ამბობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებმა ახალი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სხვენისა და სახურავისთვის საჭირო ძელების დამზადება სცადეს, რა დროსაც ისინი გარემოს დაცვამ დააჯარიმა.

„სახლთან ერთად ყველაფერი დაგვეწვა. სახლის ძელებისთვის ნებრათვით სამასალე ხე დავამზადეთ. სახერხით, რომელსაც მანამდე არ ვიყენებდით, ვიფიქრეთ დაგვემზადებინა ძელები, რა დროსაც დაგვაჯარიმეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ, არაფერი არ გაგვაჩნია, ოჯახში არავინ მუშაობს, ქედის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში უნდა გავასაჩივრო. ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს ოჯახურ მდგომარეობას“, – ამბობს ამირანი.

დიასამიძეებისთვის, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად 6 კუბური მეტრი სამასალე მერქნის გამოყოფას სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურშიც ადასტურებენ. ქედის სატყეო სამსახურის მთავარი მეტყევე, თეიმურაზ პაპუნიძე ამბობს, რომ დიასამიძეებს სამასალე მერქანი, ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სახლის დაწვიდან მალევე გამოუყვეს.

დიასამიძეების ნახევრად კაპიტალური სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახმა ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა შეძლო. ამირან დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ როგორც დაზარალებულ ოჯახს 10 000 ლარი გადასცა, რითაც სახლის აშენებას აპირებს:

„10 000 ლარით დაგვეხმარა მთავრობა, რითაც კედლების აშენებას ვაპირებ. გარდა ამისა, ქედის მერიის თანამშრომლებმა თავიანთი ხელფასიდან თანხა შეგვიგროვეს, როგორ არ ვთქვა ეს და არ აღვნიშნო, მე მათი მადლიერი ვარ. ახლა ქუთაისის სასამართლოს იმედად ვრჩებით… ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, საარსებო შემწეობას ჯარიმაში თუ გადავიხდით, ბავშვები ულუკმაპუროდ დამრჩება“.

ხანძარი ახოში. დიასამიძეების სახლი 2018 წლის 17 თებერვალს დაიწვა / ფოტო: ეკა ბარამიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: