მთავარი,სიახლეები

მე-2 სკოლის შენობიდან ბათქაში ცვივა – რას აპირებს განათლების სამინისტრო

02.04.2018 • 2345
მე-2 სკოლის შენობიდან ბათქაში ცვივა – რას აპირებს განათლების სამინისტრო

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან ბათქაში ცვივა. ახვლედიანის ქუჩის მხრიდან ბათქაშის ჩამოვარდნის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. სკოლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე განმარტავს, რომ შენობიდან ზედაპირული ბათქაში ცვივა და ის გამვლელებს  საფრთხეს არ უქმნის. „როგორც იცით, ეს შენობა ძეგლია და მისი რემონტი შეუძლებელია. განათლების სამინისტრო გეგმავს რეაბილიტაციას, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს,“ – ამბობს ის.

საიდან აქვს სკოლის დირექტორს ინფორმაცია, რომ შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში საფრთხეს არ ქმნის – „ვხედავთ, რა ტიპის მასა ვარდება. ამან არ შეიძლება ვინმე დააზიანოს“, – გვითხრა მარიზა აბაშიძემ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად გეგმავს მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რესტავრაციას, თუმცა სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზეც კი ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის. სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ისტორიული სკოლის შენობის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.

არის თუ არა ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა ისტორიული სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის? – აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს საკითხი სარეაბილიტაციო პროექტის შემუშავების შემდეგ გადაწყდება: „არაა გამორიცხული, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ამ შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა ბათუმის მერიამ დახარჯოს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: