მთავარი,სიახლეები

საქართველოში 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 26 517-ით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა

03.04.2018 • 4676
საქართველოში 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 26 517-ით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა

იმოქმედა თუ არა აქციზის ფასების გაზრდამ ავტომობილების იმპორტზე? – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში შემოტანილია 61 496 მსუბუქი ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 26 517 ავტომობილით ნაკლებია.

ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა უმნიშვნელო კლებაა ფასში. თუ 2016 წელს ავტომობილების იმპორტმა ჯამში 477 040 200 აშშ დოლარი შეადგინა, გასულ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 476 671 600 აშშ დოლარი იყო.

ამ მონაცემებს უხეშად თუ შევადარებთ, საშუალოდ, 2016 წელს შემოტანილი ერთი ავტომობილის ფასი 5 420 დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს გაცილებით მეტი – 7 751 დოლარი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ორ თვეს [იანვარი-თებერვალი], საქართველოში შემოტანილია 7 418 მსუბუქი ავტომობილი, რაც 5 069 ავტომობილით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის იანვარ-თებერვალში.

მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდა. შესაბამისად, გაძვირდა ავტომობილების განბაჟების ტარიფიც.

მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთი გაიზარდა ავტომანქანის ასაკისა და ძრავის მოცულობის მიხედვით. ავტომობილის განბაჟება კი მოიცავს აქციზისა და საბაჟო გადასახადს. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანის აქციზის გადასახადი გასამმაგდა, თუმცა ჰიბრიდული ავტომობილებისთვის კი აქციზის გადასახადი შემცირდა.

გამოთვალე რა ღირს მანქანის განბაჟება

საქართველოში შემოტანილი ავტომობილის განბაჟება აუცილებელია 60 დღის განმავლობაში. თუმცა მეპატრონეს შეუძლია ეს ვადა კიდევ 30 დღით გაახანგრძლივოს. 60-დან 90-დღემდე კი გადასახდელი იქნება 1 ლარი ყოველ ერთ დღეზე. 90 დღის განმავლობაში ავტომობილი თუ არ განბაჟდება, მეპატრონემ უნდა მოახდინოს მისი რეექსპორტი, ანუ გაიტანოს ქვეყნიდან.

როგორ უნდა გაიგოთ მარტივად, თუ რა ღირს თქვენი ავტომობილის ან მოტოციკლის [მოპედის] განბაჟება? – ამისთვის შემოსავლების სამსახურს აქვს ავტო/მოტო განბაჟების გამომთვლელი, სადაც შეგყავთ მონაცემები და პროგრამა ფასს ავტომატურად ანგარიშობს. გამოთვლილ თანხას კი ემატება 200 ლარი [დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურება – 150 ლარი, საბაჟო დეკლარაციის შევსება – 30 ლარი და საექსპერტო შემოწმების აქტი – 20 ლარი].

გადასახადია ასევე შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანზეც, რომელიც გაიცემა დროებით და მოქმედებს ქვეყნის შიგნით. ტრანზიტის საფასური – ერთი სრული დღით სარგებლობისათვის – 1 ლარია.

ავტოგანბაჟების გამომთვლელი იხილეთ ბმულზე.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილის განბაჟებისას საქართველოს მოქალაქეები შეღავათებით არ სარგებლობენ.

იმპორტირებული ავტომობილები გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ბათუმის პორტის მიმდებარედ / „ბათუმელების“ ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: