მთავარი,სიახლეები

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

03.04.2018 • 4308
კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

ბათუმის პორტის 10 თანამშრომელი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს. ყველაფერი გუშინ, 2 აპრილს დაიწყო,  როცა  პორტის ადმინისტრაციული შენობის  წინ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, გადამდგარიყო „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. აჭარის მთავრობის მიერ დღეს, 15:00 საათზე, გავრცელებული ინფორმაციით, პორტში მედიაცია შედგა და რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება.

რა მდგომარეობაა ბათუმის პორტში

ბათუმის პორტის მოგება გასულ, 2017 წელს მხოლოდ 900 ათასი დოლარი იყო, 2018 წელს კი შესაძლოა ნავსადგურმა  1 მილიონი დოლარის ზარალი ნახოს. ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო ნავსადგურის მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში, კუანიშ ჟოლდასოვმა უთხრა. მის მიერვე მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის შედეგებით, პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2016 წელთან შედარებით 36%-ით შემცირდა (3.6-დან 2.3 მილიონამდე ტონა წელიწადში). 2018 წლისთვის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის პროგნოზი კი 1.1 მილიონი ტონაა.

რატომ შემცირდა ბათუმის პორტში  ტვირთების ბრუნვა და ეს ხომ არ გახდა  იმის მიზეზი, რომ პორტი აპირებს თანამშრომლების შემცირებას?  – ვკითხეთ კუანიშ ჟოლდასოვს.

“ტვირთების შემცირების ძირითადი მიზეზი არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის სატრანსპორტო სტრუქტურაში ცვლილება. ამავდროულად, პორტის წმინდა მოგებამ გასული წლისთვის 0.9 მილიონი დოლარი შეადგენა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 86%-ით (2016 წელს $ 5.4 მილიონი) ნაკლებია. 2018 წელს პროგნოზირებული ზარალი დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი იქნება. პორტის ამჟამინდელი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის დასაწყისიდან გადაწყდა შეგვემცირებინა ნედლეულისა და მასალების ხარჯები 44%-ით, უცხოელი სპეციალისტები – 63%-ით. ასევე, საპენსიო ასაკს მიღწეულ ცალკეულ თანამშრომელთან მოლაპარაკების შედეგად შეწყდა შრომითი ურთიერთობა მხარეების შეთანხმებით, სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდისა და 2018 წლის ბოლომდე სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნების პირობით,” – მოგვწერა კითხვის პასუხად ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მმართველმა დირექტორმა.

ბათუმის პორტის თანამშრომლების თქმით, პორტი გეგმავს დასაქმებული პერსონალი სხვა ფირმას აუთსორსინგის [მომსახურების მიღება სხვა კომპანიისგან ხელშეკრულების საფუძველზე] გზით გადასცეს, რამაც შესაძლოა ბევრი მათგანი სამსახურის გარეშე დატოვოს.

ამ პროცესს წინ უძღოდა პენსიაში გასული 25 თანამშრომლის გათავისუფლება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათავისუფლებული პენსიონერების გარდა პორტში კიდევ საპენსიო ასაკს მიღწეული 50 დასაქმებულია, რომლებსაც კომპანია სამსახურიდან წასვლას საკუთარი სურვილით სთხოვდა. მათთან მორიგება ამ ეტაპზე არ შედგა.

66 წლის ანდრო დუნდუა ბათუმის პორტში 23 წელი მუშაობდა. თავიდან დოკერი იყო, ბოლო პერიოდში კი პორტის ტერიტორიის დასუფთავება ევალებოდა. ანდრო ერთ-ერთია პენსიაზე გასული იმ 25 თანამრომელთაგან, ვინც 12 მარტიდან ბათუმის პორტში აღარ მუშაობს. განცხადება თავისი ნებით დაწერა და წავიდა. თუმცა ამბობს, რომ იძულებული იყო ეს გაეკეთებინა.

„დამიბარეს და მითხრეს – თუ არ წახვალ, თვის ბოლოს ბრძანებით მაინც გაგიშვებთ სამსახურიდან. თუ წახვალ, ერთი წელი დაზღვევის პაკეტს შეგინარჩუნებთ და სამი თვის კომპენსაციას მოგცემთო. დავთანხმდი და დავწერე განცხადება. ასე გამოდის, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წავედი სამსახურიდან,“ – ამბობს ანდრო დუნდუა „ბათუმელებთან“.

რა არ მოსწონთ პორტში დასაქმებულებს

პორტის თანამშრომელთა მონათხრობის მიხედვით, სამი დღის წინ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი თანამშრომლებს შეხვდა და მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ აცნობა. კერძოდ, დირექტორმა თანამშრომლებს უთხრა, რომ იგეგმებოდა პორტში დასაქმებულთა გადაცემა სხვა ფირმისთვის აუთსორსინგის გზით. პორტში დასაქმებულებს ეს იდეა არ მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებით ისინი სამსახურებს დაკარგავენ.

პორტში ამბობენ, რომ “ყაზტრანსოილის” შვილობილ კომპანიას, “Batumi Industrial Holding Ltd”-ს, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალსა და საზღვაო ნავსადგურს 49 წლის ვადით ფლობს, უბრალოდ, „პორტის მოშორება უნდა“.

„ვიცით, რომ არსებობს კომპანია, რომელიც მზადაა შეიძინოს პორტი. დირექტორს დაავალეს შტატების შემცირება იმისათვის, რომ მერე თავად აღარ ჰქონდეს  საზრუნავი. სად სამას კაცს რომ მოუვლის და სად 750-ს“, – გვითხრა პორტში დასაქმებულმა, რომელმაც გვთხოვა მისი სახელი და გვარი არ დაგვეწერა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას ვკითხეთ, აპირებდა თუ არა ყაზახური მხარე პორტის მართვის უფლების გაყიდვას.

“ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არსებულ სიტუაციას სამართლებრივად აფასებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები,” – მოგვწერა პასუხად “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში კუანიშ ჟოლდასოვმა.

ოფიციალური ინფორმაცია

„ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის,“ – თქვა 2 აპრილს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, პორტის თანამშრომელ ბატონ სურმანიძეს, არაერთხელ ჩაუშლია ეს შეხვედრები და დიალოგი ვერ შედგა გასული კვირის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მმართველის განცხადებით და ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მეთაურობით, შეიქმნა სპეციალური კომისია კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ამ მომენტისთვის ერთ-ერთი პირი გვიშლის დიალოგს კოლექტივთან, ჩვენი არაერთი შეთავაზება შეთანხმების ჯგუფისა და კომისიის შექმნის შესახებ იგნორირებულია. ადმინისტრაცია მოუწოდებს მათ მედიაციისკენ, რადგან დავის საგანი, როგორც ასეთი, იურიდიულად ამ მომენტისთვის არ არსებობს“, – ეს განმარტებაც პორტის დირექტორს ეკუთვნის.

დირექტორის თქმით, კომპანიის მიზანია ნავსადგურის კოლექტივის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია “დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ფონდის შენარჩუნების მიზნით, გაძლიერებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფის ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და კაპიტალდაბანდებებზე”.

რა ხდებოდა დღეს, 3 აპრილს, პორტში

“ბათუმელების” ინფორმაციით დღეს, 3 აპრილს, მოშიმშილეები დილიდან ისევ ითხოვდნენ  “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას. ასევე ისინი ითხოვნდნენ ადმინისტრაციას სამსახურში აღედგინა  გათავისუფლებული 25 პენსიონერი, დასაქმებულებს გაუმჯობესებოდათ სადაზღვევო პაკეტი და  პორტში დასაქმებულებს მიეღოთ ტრადიციული სააღდგომო ფულადი პრემია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: