მთავარი,სიახლეები

ხმაური სასამართლოში – მკვლელობის საქმის განხილვა

02.04.2018 • 2660
ხმაური სასამართლოში – მკვლელობის საქმის განხილვა

მკვლელობის საქმის განხილვაზე მოსამართლე ლევან გელოვანს რამდენიმე პირის სასამართლოდან გაძევება მოუწია.

საუბარია გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე. შემთხვევის შედეგად 50 წლის კაცი – ანზორ კონცელიძე დაიღუპა.

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელობა მუცელში ქვის მრავალჯერ ჩარტყმით მოხდა და ამას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს.

„ჩემი ძმა მანქანით მოდიოდა სახლისკენ. გზაში შეამჩნია, რომ მეზობლის ბიჭები შეკრებილიყვნენ და ჩხუბობდნენ, მანქანა გააჩერა და მივიდა… მივიდა და ასეთი ამბავი მოხდა… თავისით მოვიდა სახლში, არ უნდოდა პოლიციისთვის ეთქვა. მეორე დილით გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა და სააავადმყოფოში გადავიყვანეთ. საღამოს ჩვენი ძმა ცოცხალი აღარ იყო,“ – ამბობს დაღუპულის და, ლია კონცელიძე.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაქვში ზაზა ზოიძემ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც მკვლელობაში ბრალდებულის – სიმონ ავალიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

დაღუპულის ახლობლების თქმით, ზაზა ზოიძეს ბრალდებული და მისი ახლობლები ჩვენების შეცვლას აიძულებდნენ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ერთ-ერთი მოწმის – ზორბეგ კონცელიძის ჩვენება უნდა მოესმინა, მაგრამ ვიდრე მოწმე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა შავაძემ თქვა, რომ ამ ჩვენებას დაცვის მხარე უდავოდ მიიჩნევს.

„მიგვაჩნია, რომ მისი ჩვენება არ არის ბრალდებულისთვის ზიანის მომტანი,“ – დასძინა ადვოკატმა.

ასეთ შემთხვევაში სასამართლო მოწმის ჩვენებას აღარ ისმენს.

პროკურორმა დავით კირჩხელმა მოსამართლეს უთხრა, რომ სხვა მოწმე მას დღევანდელ პროცესზე არ დაუბარებია. საქმის გადადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაღუპულის ახლობლებმა სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: