ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი.
„ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი აქვთ გაკეთებული, მაშინ როცა 1,8 კმ მონაკვეთი ისევ გაუკეთებელია,“ – გვეუბნება ადგილობრივი გიორგი ანანიძე.
მისი თქმით, თუ სამუშაოები ასეთი ტემპით გაგრძელდა, ქობულეთში დამსვენებლების ნაკლებობა იქნება.
„დღეს მშვენიერი, მზიანი ამინდია და ტექნიკა არ მუშაობს. მუშები გვეუბნებიან, რომ ხან ხელფასს არ უხდიან დროულად, ხან საწვავი არ არისო და ასე იწელება სამუშაო პროცესი. პლაჟზე ჩასვლა შეუძლებელია, რადგან სანაპირო ზოლზე არის ქვიშის მთები და მისასვლელ მწვანე ზოლზე ტექნიკა გადაადგილდება,“ – ამბობს ანანიძე.
ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე ამბობს, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი და პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
„ჩვენც არაერთხელ დავაყენეთ საკრებულოში ეს საკითხი, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ისინი სამუშაოების დაჩქარებაში ვერ ჩაერევიან, რადგან მათი პროექტი არ არის. ფაქტია, რომ სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და მოსახლეობას ამის გამო დისკომფორტი ექმნება,“ – ამბობს ის.
როდის დასრულდება სამუშაოები სანაპირო ზოლში, ამის შესახებ „ბათუმელები“ კომენტარს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდება.