მთავარი,სიახლეები

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

02.04.2018 • 2935
პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა.

“ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, ყველას არ მოსწონს პორტის მშვიდი და თავდაჯერებული მუშაობა,” – ამბობს ის.

დანიარ მუხამედ რახიმის განცხადებით, პორტის მუშაობა არ შეჩერებულა, “თუმცა ახლა ტვირთის დატვირთვა-დაცლის სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან ამ მომენტისთვის გემები არ არის. გემის შემოსვლა, გრაფიკის მიხედვით, დღეს უფრო მოგვიანებით იგეგმება, დღის განმავლობაში”.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს სიტუაციის განმუხტვის გზებს, “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი პასუხობს, რომ პორტში აქამდეც იყო თანამშრომლებთან  შეხვედრების განრიგი დანიშნული, სადაც უნდა განეხილათ ყველა ის ზომა, რომლებსაც ადმინისტრაცია იღებს. თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრები პროფკავშირის თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩაიშალა:

“მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, პორტის თანამშრომელ ბატონ სურმანიძეს, არაერთხელ ჩაუშლია ეს შეხვედრები და დიალოგი ვერ შედგა გასული კვირის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მმართველის განცხადებით და ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მეთაურობით, შეიქმნა სპეციალური კომისია კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ამ მომენტისთვის ერთ-ერთი პირი გვიშლის დიალოგს კოლექტივთან, ჩვენი არაერთი შეთავაზება შეთანხმების ჯგუფისა და კომისიის შექმნის შესახებ იგნორირებულია. ადმინისტრაცია მოუწოდებს მათ მედიაციისკენ, რადგან დავის საგანი, როგორც ასეთი, იურიდიულად ამ მომენტისთვის არ არსებობს. მაგრამ ადმინისტრაცია ყოველთვის მუშაობდა ღიად და ხსნის ყველა თავის ნაბიჯს, მათ შორის, განიხილავს იმ გეგმებს, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის ფაზაშია. მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, როგორიცაა თანამშრომლების შემცირება და მათი აუტსორსინგში გადაყვანა, მოხდება მხოლოდ პროფკავშირებთან კონსულტაციის შემდეგ,” – ამბობს დანიარ მუხამედ რახიმი. [აუტსორსინგი – ორგანიზაციათა შორისი შეთანხმება ცალკეული ბიზნესპროცესების შესრულებაზე, რომლის მეშვეობით მაღლდება ეფექტურობა და/ან მცირდება დანახარჯები. თანამედროვე ბიზნესში აუტსორსინგით შეიძლება გადაეცეს როგორც დამხმარე (მაგალითად, ხელფასის გაანგარიშება, ინფორმაციული სისტემების გამართვა და სხვ.), ისე ზოგიერთი ძირითადი ბიზნესპროცესები (მაგალითად, ახალი პროდუქტების დამუშავება). 

დღეს ჟურნალისტებს ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, რომ სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორის მეთაურობით და  ისინი ითხოვენ, კოლექტივის სახელით მაქსიმუმ 20-ადამიანიანი საინიციატივო ჯგუფის შექმნას.

“ადმინისტრაციამ ჩაატარა სამუშაოები აუტსორსინგის ბაზრის შესწავლის მიზნით. ბაზარზე დავარდნილია მოთხოვნა, მაგრამ ანგარიშები ამის შესახებ პროფკავშირებისთვის წარდგენილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება წინადადების ფორმირება ან/და განხილვა …

მთელი კოლექტივის შრომის ანაზღაურების ფონდის შენარჩუნების მიზნით, გაძლიერებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფი ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და კაპიტალდაბანდებებზე. ჩვენი, ადმინისტრაციის მიზანია, შევინარჩუნოთ ის მყარი კოლექტივი, რომელიც ათეულობით წლებია შენარჩუნებულია”, – ამბობს პორტის დირექტორი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: