მთავარი,სიახლეები

საჯარო სამსახურებსა და ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში წინასააღდგომოდ დანამატებს არ მიიღებენ

02.04.2018 • 2375
საჯარო სამსახურებსა და ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში წინასააღდგომოდ დანამატებს არ მიიღებენ

ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში [მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.] დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…] იგეგმება.

„წინასააღდგომოდ რაიმე დანამატები არც ადრე გაიცემოდა. იყო მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ისიც წინასაახალწლოდ“, – გვითხრეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. წლის ბოლოს მიიღებენ თუ არა რაიმე დანამატს თანამშრომლები? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი „ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე არ აქვთ.

„ჩვენი ბიუჯეტი სადღესასწაულო პრემიებსა თუ დანამატებს არ ითვალისწინებს,“ – გვითხრეს „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“.

უშუალოდ მერიაში, აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში დასაქმებული ვერც ერთი საჯარო მოხელე [მათ შორის ისინიც, ვინც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ], წინასააღდგომოდ დანამატს ვეღარ მიიღებს. ამის შესაძლებლობას ახალი კანონმდებლობა არ იძლევა. როგორც ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

„საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, 2018 წლის იანვრიდან დანამატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან დამატებით აქვს დატვირთვა [ვთქვათ, თანამშრომელი გავიდა შვებულებაში და მისი მოვალეობები შეითავსა]. სხვა არც ერთ შემთხვევაში, იქნება ეს წინასააღდგომოდ, თუ წინასაახალწლოდ, საჯარო მოხელეებზე არანაირი დანამატი არ გაიცემა. ამასთან, დანამატი არ არის წახალისების ფორმა. წახალისების მიზნით შესაძლოა გაიცეს ფულადი ჯილდო, ოღონდ მხოლოდ მოხელის შეფასების შემდეგ [თუ საჯარო სამსახური დაასაბუთებს, რომ ამა თუ იმ მოხელემ განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა და ა.შ.]. დანამატისა და ფულადი ჯილდოს ოდენობის მაქსიმალური ზღვარი ასევე დადგენილია კანონით“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ სამინისტროებსა და იმ ორგანიზაციებში, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არც ერთი მოხელე არ ჰყავთ, ვინც ამ ეტაპზე ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს. რაც შეეხება მოხელის შეფასებას, „ზოგან ხდება მოხელის შუალედური და კვარტალური შეფასება, თუმცა იურიდიული ძალა აქვს იმ შეფასების შედეგს, რომელიც წლის ბოლოს გაკეთდება“.

ამავე თემაზე:

როგორ შეაფასებენ საჯარო მოხელეს და ვინ მიიღებს საკლასო დანამატს

კოეფიციენტები – ხელფასებს საჯარო მოხელეები იანვრიდან ახალი წესით მიიღებენ

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: