მთავარი,სიახლეები

„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

31.03.2018 • 2501
„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ეხმაურება 2018 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს, ტელეგადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის, ბატონ კახა კალაძის განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის თაობაზე.

გვჯერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება შშმ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემის გამოსახატად, კეთილი განზრახვით გააკეთა. გვსურს ვაცნობოთ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მოახდინა, რის შემდეგაც ის ქართული კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა, შშმ პირები და მათი, როგორც შშმ პირების იდენტობა არის ადამიანური მრავალფეროვნების ნაწილი. შესაბამისად, ის მოითხოვს აღიარებას, დაფასებასა და პატივისცემას და არა-უარყოფას.

მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების არსებობის უარყოფა იმ პირობებში, როდესაც შშმ პირები განვიცდით მრავალმხრივ სტიგმასა და დისკრიმინაციას, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, ჩვენი ინტერესების დამცველი კანონმდებლობის, დასაქმების, ადეკვატური შემოსავლის გამომუშავებისა და საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობის არარსებობას, არის ყოვლად მიუღებელი.

შეზღუდული შესაძლებლობის უარყოფა უტოლდება მისი და, შესაბამისად, მის მქონე ადამიანთა დაკნინებას. პლატფორმის წევრებს ასევე მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის უარყოფა ნიშნავს მის შედეგად წარმოქმნილი ბარიერებისა და გამოწვევების მართვისგან თავის არიდებას. შეზღუდული შესაძლებლობა სირცხვილი არ არის! შეზღუდული შესაძლებლობა დასამალი არ არის! შეზღუდულ შესაძლებლობას აღიარება სჭირდება!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ თბილისის მერს, გაეცნოს გაეროს შშმ პირთა 2006 წლის უფლებათა კონვენციასა და მის პრინციპებს, ასევე გაითვალისწინოს შშმ პირთა უფლებადამცველების, სათემო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების პოზიცია.

მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, პირველ რიგში კი გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს ქალბატონ ინგა გრიგოლიას, შეზღუდული შესაძლებლობების ირგვლივ არსებულ საჯარო დისკუსიაში ჩართონ და მოიწვიონ შშმ პირთა მრავალფეროვანი ჯგუფები.

მოვუწოდებთ უფლებადამცველებს, დამოუკიდებელ აქტივისტებს, მაკონტროლებელ და კვლევით ორგანიზაციებს, შშმ პირთა და შშმ ბავშვთა მშობლების სათემო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე სახალხო დამცველს, შეუერთდნენ ამ განცხადებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: