განათლება,მთავარი,სიახლეები

5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის

31.03.2018 • 95998
5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლების სამინისტრო, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინიცირებით ახალი პროექტის ონლაინ ტრენინგების კურსს ქმნის.

ონლაინ ტრენინგების კურსი ორი მიმართულებით შეიქმნება. პირველი – მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების კურსი, მეორე კი საგნობრივი ტრენინგების კურსი იქნება. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატა ედიშერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, დაგეგმილია, რომ ონლაინ ტრენინგების ორივე კურსში მასწავლებლებმა კრედიტ ქულებიც აიღონ.

ზოგადი უნარების ტრენინგ კურსი სამკრედიტიანი იქნება, საგნობრივი ტრენინგები კი ორკრედიტიანი.

„მასწავლებელთა პროფესიული უნარების ონლაინ კურსის მოდულები შექმნილია და უკვე მიმდინარეობს კონვერტირება ონლაინ ფორმატში. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან დაიწყება მუშაობა საგნობრივ მოდულებზე, რომელიც უფრო ჩაღრმავებული კურსი იქნება. ამ ტრენინგების კურსის შექმნა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, – გვეუბნება ნატა ედიშერაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ტრენინგ კურსები იქნება ხუთკვირიანი, რომელსაც ეყოლება ფასილიტატორი-მოდერატორი.

„როცა მონაწილეები დარეგისტრირდებიან ონლაინ ტრენინგების კურსზე, შემდეგ მათ მიეცემათ სამუშაო, ხოლო კვირის ბოლოს შეაჯამებენ შესრულებულ სამუშაოს. თუმცა, მოდერატორი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს პედაგოგებთან – იქნება უკუკავშირიც. პედაგოგებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ დისკუსიებში და  ქვიზებიც ონლაინ გააკეთონ, რითაც თავიანთ შრომას შეამოწმებენ“.

ნატა ედიშერაშვილის თქმით, ონლაინ ტრენინგების შეფასების კომპონენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ, პედაგოგები კრედიტქულებს აიღებენ.

რა ნიშნით შეარჩევენ ტრენინგ-კურსში მონაწილეობისთვის პედაგოგებს? – ვეკითხებით პროექტის მენეჯერს. მისი ინფორმაციით, ტრენინგებზე დარეგისტრირების და მონაწილეობის უფლება ყველა პედაგოგს ექნება.

„ზოგადი უნარების კურსი ყველა საგნის მასწავლებლისთვის არის ხელმისაწვდომი. საგნობრივი ტრენინგების კურსი კი მხოლოდ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის. კურსის გავლა არ შეუძლიათ მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლებს. კვლევამ, რომელიც გერმანულმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ ჩაატარა, ყველაზე მეტი საჭიროება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით აჩვენა. რადგან რესურსები ლიმიტირებულია, პრიორიტეტები უნდა გამოკვეთილიყო“, – გვეუბნება ედიშერაშვილი.

შესაბამისად, საგნობრივი ონლაინ ტრენინგების კურსის გავლა შეეძლებათ მხოლოდ  ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს. პროფესიულ უნარებში კი ყველა პედაგოგს. კურსი გათვლილია მეშვიდედან მეთორმეტე კლასების ჩათვლით.

რეგისტრაციის ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: