მთავარი,სიახლეები

„პროკურორს შეუძლია თაროზე შემოდოს საქმე“ – სარჩელი ზემდგომი პროკურორის წინააღმდეგ

30.03.2018 • 2277
„პროკურორს შეუძლია თაროზე შემოდოს საქმე“ – სარჩელი ზემდგომი პროკურორის წინააღმდეგ

კომპანია „ნიკანი“ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტიციო სასამართლოში აპირებს დავას. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. დავის საგანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია, სადაც წერია, რომ „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება…“

2017 წლის აგვისტოდან დღემდე ეს კომპანია კონკრეტული ფიზიკური პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კომპანიას პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება სამეგრელო – ზემო სვანეთის ოლქის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა გიორგი თორდიამ მიიღო.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემდგომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება დაუსაბუთებლად თქვას უარი პირის დაზარალებულად მიჩნევაზე. დაზარალებულის სტატუსის გარეშე კომპანიას არ აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. მოსარჩელე აქცენტს აკეთებს რისკზე, რომ შესაძლოა, ისე დასრულდეს გამოძიება და არავინ მიეცეს პასუხისგებაში, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

„პროკურორ თორდიას შეუძლია შემოდოს ეს საქმე თაროზე და ექვსი წლის განმავლობაში გვიპასუხოს მიმდინარეობს გამოძიება და ეს იქნება კანონიერი. ექვსი წლის და ერთი დღის შემდეგ თეორიულადაც ვერ იარსებებს ლაშა ლ.-ს სისხლის სამართლის პასუხგებაში მიცემის შანსი, ამიტომ მე იძულებული ვიქნები უსასრულოდ ვწერო განცხადებები და ვასაჩივრო თორდიას, ან ბულიას, ან კიდევ ვიღაც სხვა პროკურორის საქმის მიჩქმალვაზე, თვალის დახუჭვაზე, დაუდევრობაზე, გულგრილობაზე, შეცდომებზე, არაკომპეტენტურობაზე, ან განზრახ უკანონო და არასწორ მოქმედებებზე…“ – წერია საკონსტიტუციო სარჩელში.

პირის დაზარალებულად ცნობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 56-ე მუხლი განსაზღვრავს:

„პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლს: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: