თურქეთთან საზღვრის კვეთის წესი პირველი აპრილიდან – საელჩოს განმარტება

საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარს ყოველდღე კვეთენ, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დაანგარიშების ახალი წესი დროებით ისევ არ გავრცელდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს.

თურქეთში „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის მიღებიდან [2018 წლის 1-ელი იანვარი] პირველ აპრილს სამი თვე შესრულდება, შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამე ცვლილება ხომ არ იქნება პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის საზღვრის კვეთის წესში.

ამ საკითხზე საქართველოში თურქეთის საელჩომ „ბათუმელების“ კითხვებს წერილობით უპასუხა.

“N:6458 კანონი „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მოქმედებს და ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზეც. მეორე მხრივ, უცხოელების თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დაანგარიშების ახალი წესი ამ ეტაპზე შეჩერებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრძელდება თანამშრომლობა თურქეთისა და საქართველოს უწყებებს შორის. საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება დადასტურდა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი სულეიმან სოილუს 2018 წლის 16 მარტს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს,” – ნათქვამია საელჩოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთში ამოქმედდა კანონი – „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადად 90 დღე განუსაზღვრა. ქვეყანაში ყოფნის ერთ დღედ ითვლება თურქეთში თუნდაც ერთი საათით შესვლა. ამ კანონმა საქართველოს იმ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. პროტესტის ფონზე გადაწყდა, რომ კანონი საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდებოდა.

ამავე თემაზე:

შეზღუდვები თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებისთვის – საკონსულოს განმარტება

თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი