მთავარი,სიახლეები

სავარძელში არხეინად დატრიალდა და მაშინ ვესროლე ფეხებში – ბიზნესმენების დაჭრის საქმე ბათუმში

30.03.2018 • 2824
სავარძელში არხეინად დატრიალდა და მაშინ ვესროლე ფეხებში – ბიზნესმენების დაჭრის საქმე ბათუმში

„მასთან, როგორც იქნა, შევაღწიე კაბინეტში. ის გაკვირვებული მიყურებდა. მე წერილი დავუდე მაგიდაზე და ვუთხარი, ამას განიხილავ-მეთქი. მან წერილი გვერდით მოისროლა, არაფერი მითხრა, როცა სავარძელში არხეინად დატრიალდა, მაშინ ვესროლე ფეხებში“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ბრალდებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა, თუ როგორ დაჭრა ბიზნესმენი ჯუმბერ ზოიძე.

ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა.

დღეს, 30 მარტს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „ბიზნესმენის დაჭრის საქმეზე“ ბრალდებულის ჩვენება მოისმინა.

ბრალდებულის თქმით, ის 1998 წლიდან იცნობს „მეგა პალასის“ დამფუძნებელს – ჯუმბერ ზოიძეს და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რამაზ ხიმშიაშვილის ძმისშვილი ჯუმბერ ზოიძის სიძეა.

„მერე მე აზარტული თამაშები დავიწყე და ფინანსური პრობლემები შემექმნა. აღარ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა“, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს. – „მე ამ კომპანიაში მქონდა 10-პროცენტიანი წილი და მოვითხოვე ჩემი წილი. ამაზე გვქონდა კამათი, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მილიონ 200 ათასი მერგებოდა. ამ წილის სანაცვლოდ მომცეს საცხოვრებელი ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, რაც დაახლოებით 700 ათასის ღირებულების იყო, მაგრამ ისეთი ბინები მომცეს, რაც რთულად იყიდებოდა. ამიტომ მინდოდა ჯუმბერთან შეხვედრა და არ მხვდებოდა, მემალებოდა, მითვლიდა, თუ მოვა, გავლახავო… პროკურატურასაც მივმართე, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია“.

რამაზ ხიმშიაშვილის თქმით, ის კომპანიაში შეიარაღებული მხოლოდ თავდაცვის მიზნით მივიდა და აფექტურ მდგომარეობაში, შეშინების მიზნით გაისროლა.

„ვესროლე ფეხებში და მაშინვე ვთქვი, აქედან პირდაპირ მივდივარ პოლიციაში-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა ჩემი ძმა – ალექსანდრე. მან დამიჭირა ორივე ხელი და იარაღის წართმევას ცდილობდა. ვუთხარი, თავი დამანებე, ტყვიაა ამ იარაღში-მეთქი. არ მეშვებოდა. ამ დროს გავისროლე მეორედ შემთხვევით… შენობიდან გამოვედი და პირდაპირ პოლიციაში მივედი. არსად არ გავქცეულვარ და დამალვა არ მიცდია. დანარჩენი რა ვიცი, რასაც მომისჯით მაგია,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

ამ შემთხვევის შედეგად ჯუმბერ ზოიძე მძიმედ დაიჭრა. მას სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა უდავო მტკიცებულებად მიიჩნია ჯუმბერ ზოიძის ის ჩვენება, რომელიც მან წინასწარ გამოძიებას მისცა. ამ შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულის ჩვენებას აღარ ისმენს.

სასამართლოსთვის უკვე მიცემული აქვს ჩვენება მეორე დაზარალებულს, ბრალდებულის ძმას – ალექსანდრე ხიმშიაშვილს.

„დღეს არ ვარ მზად გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოს დასჭირდება დამატებითი დრო,“ – მიმართა მოსამართლემ მხარეებს, რომლებიც საბოლოო სხდომაზე დასკვნით სიტყვებს იტყვიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რამაზ ხიმშიაშვილს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„სიმართლე თქვა დღეს რამაზ ხიმშიაშვილმა თქვენ დაჭრაზე, ეთანხმებით?“ – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ალექსანდრე ხიმშიაშვილს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„უფროსი ძმაა, როგორ არ დავეთანხმო“, – გვიპასუხა მან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: