მთავარი,სიახლეები

პირველი ქართველი მეზღვაური ქალები

30.03.2018 • 12228
პირველი ქართველი მეზღვაური ქალები

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში ოთხმა მეგობარმა შტურმანის, იგივე გემწამყვანის პროფესია აირჩია. ამ ამბავში უცნაური არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ოთხივე გოგო იყო. ქალი ზღვაში საქართველოში ახლაც იშვიათი შემთხვევაა და 1936 წელს – მითუმეტეს.

იულია ფაილოძე ხონში  დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი სოხუმთან ახლოს, სოფელ აგუძერაში ცხოვრობდა.

ნინო კალანდაძე – ჩოხატაურიდან იყო, სოფელ ხიდისთავიდან.

შუშანა თუმანიშვილი – ქუთაისიდან.

ვაიდე გვარიშვილი იყო მხოლოდ ბათუმელი.

ვაიდე გვარიშვილი. ფოტო იულია ფაილოძის ფოტოალბომიდან

საზღვაო ტექნიკუმში რომ სწავლობდნენ, ეს – კი, მაგრამ გემზე რომ აპირებდნენ მუშაობას, ამის შესახებ მათ ოჯახებში არ იცოდნენ. პრაქტიკის დრო რომ მოვიდა და ზღვაში გასასვლელად მშობლების თანხმობა გახდა საჭირო, გოგოებს სხვა ადამიანები მიუყვანიათ საზღვაო ტექნიკუმში, ჩვენი მშობლები თანახმა არიანო.

სწავლა რომ დაამთავრეს, ნინო და იულია შორეულ აღმოსავლეთში გაანაწილეს, ვაიდე და შუშანა თუმანიშვილი – კასპიის ზღვაზე გაამწესეს.

შუშანა თუმანიშვილი. ფოტო ძველი გაზეთიდან

1941 წლიდან იულია ფაილოძე და ნინო კალანდაძე გემზე მუშაობდნენ, იულია – ტანკერ „ვოიკოვზე“, ნინო კი -„დონბასზე“. იულია და ნინო თანატოლები იყვნენ, ორივე 1919 წელს იყო დაბადებული და როგორც ჩანს, კარგი მეგობრებიც იყვნენ.

იულია ფაილოძე. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ნინო კალანდაძე „დონბასით“ ცურავდა აშშ-ის ნაპირებთან, როცა ომის დაწყების ამბავი გაიგო. მშობლებთან მიწერილ წერილში იგი განსაკუთრებით წუხს ძმაზე, რომელიც ასევე ფრონტზე იყო:

ნინო კალანდაძე. ფოტო ძველი გაზეთიდან

„13 ივნისს წავედით ამერიკაში. ქალაქ სან პედროში (კალიფორნია). 22 ივნისს გავიგეთ ომის დაწყების ამბავი, რამაც ძლიერ დაგვაღონა. 28 ივნისს უკვე ამერიკაში ვიყავით. სევდამ ისე შემიპყრო, რომ ქალაქში გასვლა აღარ მინდოდა, სულ რადიოს ვუსმენდი.

3 ივლისს წამოვედით ამერიკიდან. გზაზე დიდი სიძნელეების გადალახვა მოგვიხდა. საჭმელად რომ დავჯდები, ვფიქრობ, მე ვჭამ ახლა და ვინ იცის ფრონტზე რა ამბები ხდება და რამდენი სისხლი იღვრება. ვახტანგის დარდით აღარ ვარ, მე მარტო თქვენზე კი არ ვფიქრობ, არამდე ყველაზე, მაგრამ საშიში არაფერია, მალე მოეღება ბოლო საზიზღარ ჰიტლერს და მის თანამოაზრეებს და დადგება მშვიდობა.

ახლა ჩვენ ისევ მივდივართ ამერიკაში, ტვირთის გადმოსაზიდად – ბენზინი უნდა წამოვიღოთ. თუ წერილმა დააგვიანა, არ შეშინდეთ.

იულია უკვე ორ თვეზე მეტია არ მინახავს. თქვენთან ერთად მასაც ვუგზავნი წერილს.

მომწერეთ როგორ ცხოვრობთ, ვახტანგის ამბავს თუ გებულობთ.“

1942 წლის ნოემბერში იულია და ნინო ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ში. მათ უცებ მიიქციეს ამერიკელი ჟურნალისტების ყურადღება, როგორც შტურმანმა ქალებმა, რომლებიც კაპიტნის თანაშემწის მოვალეობასაც ასრულებდნენ. ბევრი ფოტო გადაგვიღეს და მეორე დღეს გაზეთებიც მოგვიტანეს, სადაც ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილიო – იგონებდა იულია.

ამ შეხვედრიდან მოკლე ხანში, ბარენცის ზღვაში, მედვეჟისა და სპიცბერგენის კუნძულებთან ტანკერი „დონბასი“, რომელზეც ნინო კალანდაძე მუშაობდა, გერმანიის ბომბდამშენებმა გაანადგურეს. იულია წყნარ ოკეანში იყო, როცა რადისტმა მას მეგობრის დაღუპვის შესახებ აცნობა.

ომში დაიღუპა ნინო კალანდაძის ძმა, ვახტანგიც.

მალე იულია ფაილოძე ხომალდ „ციოლკოვსკიზე“,  რომელსაც დესანტი გადაჰყავდა, კაპიტნის მეორე თანაშემწედ დანიშნეს. ოთხი გოგოდან, რომელთაც ზღვაზე ცურვა გადაწყვიტეს, იგი ყველაზე დიდხანს, ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა გემზე და მათგან ყველაზე მაღალი ჩინიც ჰქონდა, თუმცა ოცნება ვერ აისრულა და კაპიტანი ვერ გახდა.

1948 წელს საბჭოთა კავშირში ქალ მეზღვაურებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულია ბათუმში დაბრუნდა და ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა. იგი 40 წლის მანძილზე მუშაობდა აქ.

კაპიტნობაზე მეოცნებე ოთხი ახალგაზრდა ქალის ისტორია 70-იან წლებში მწერალ ალექსანდრე ჩხაიძის შთაგონება გახდა. წიგნი – „ზღვა და ოთხი ქალიშვილი“ სწორედ ამ ისტორიაზე მოგვითხრობს.

იულია ფაილოძის დატოვებულ ძველ ფოტოალბომში ერთი ფოტოა ასეთი წარწერით:

„ეს სურათი გადაღებულია 1986 წლის 20 მარტს. ქალაქი ბათუმი. სკოლა რემესლენ სასწავლებელში, როდესაც მიგვიწვიეს მე და ჩემი მეგობარი შამილი მეგრელიძე. ჩვენ ერთად დავამთავრეთ ტექნიკუმი 1940-ში. მოსწავლე გოგონებმა დადგეს „ზღვა და ოთხი ქალიშვილიდან“ წარმოდგენა. მე ბევრი ვიტირე. მომაგონდა ჩვენი ახალგაზრდობა. როგორ სწორად ზუსტად შეასრულეს ჩვენი სახეები.

მე კი ძალზე ცუდად ვიყავი წნევით. ბევრი მეხვეწეს, არ ჩაგვიშალოთ ჩვენი მომზადებული დადგმაო და მეც წავედი.“

ფოტო იულია ფაილოძის ფოტოალბომიდან

ნინო კალანდაძე 23 წლის, 1942 წელს დაიღუპა ბარენცის ზღვაში.

ვაიდე გვარიშვილი 1953 წელს გარდაიცვალა ბათუმში.

შუშანა თუმანიშვილი ბაქოდან არ დაბრუნებულა, იქ დაქორწინდა და დარჩა საცხოვრებლად.

იულია ფაილოძე 2000 წელს გარდაიცვალა ბათუმში, 80 წლის ასაკში.

___________________

მომზადებულია იულია ფაილოძის დისშვილის, ინეზა წილოსანისა და ბათუმის საზღვაო სასწავლებლის, შემდგომში – აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელის, ბიძინა ორაგველიძის მონათხრობზე და მარგალიტა კიკაბიძის  კრებულზე  -„ვაჟკაცების მხარდამხარ“, დაყრდნობით. 

ამავე თემაზე:

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

 „ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: