მთავარი,სიახლეები

პარლამენტარი კვოტირებაზე: არ ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ქალბატონი იჩაგრება

29.03.2018 • 3106
პარლამენტარი კვოტირებაზე: არ ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ქალბატონი იჩაგრება

აჭარიდან საქართველოს პარლამენტში რვა დეპუტატია. მათგან  ქალი მხოლოდ ორია – ფატი ხალვაში [მაჟორიტარი] და სვეტლანა კუდბა [პარტიული სია]. 23 მარტს კაცი დეპუტატებისგან განსხვავებით, კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი ორივე ქალმა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო.  ორი დეპუტატი ამბობს, რომ ფორმულირება – „განსხვავებული სქესი“ არ მოეწონათ და ამასთან არ იციან რას ნიშნავს ეს განსაზღვრება.

23 მარტს სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: ლევან ბეჟანიძე, ანზორ ბოლქვაძე, არჩილ ხაბაძე და ილია ნაკაშიძე. პარლამენტის სხდომას ესწრებოდა მუხრან ვახტანგაძე, თუმცა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. კანონპროექტის წინააღმდეგ კი ხმა მისცა ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნაკაიძემ.

რატომ არ დაუჭირეთ მხარი პარლამენტში გენდერული კვოტირების კანონპროექტს? – „ბათუმელებმა“ ეს კითხვა პარლამენტარ კობა ნაკაიძეს დაუსვა. ის ამბობს, რომ ამისთვის ორი მიზეზი ჰქონდა:

„პირველი – ტექსტთან მიმართებაში იყო გაუგებრობა და ამიტომ ჩემი თხოვნა იყო, რომ დაზუსტებულიყო ქალი და კაცი ტექსტში. იმიტომ, რომ იქ იყო განსხვავებული სქესი და ეს განსხვავებული სქესი ცოტა სხვა თემებში გადადიოდა. ქალი და კაცი რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლება დეტალებში და სიღრმეებში არ ჩავსულიყავი. აი, ეს განსხვავებული სქესი, ჩემთვის ცოტა სხვა ასოცირებას იწვევს.

ნებისმიერი ადამიანი, რომელი სქესისაც არ უნდა იყოს, თავისი იმიჯით, თავისი ცხოვრებით, თავისი მიღწევებით, წარმატებულობით და ასე შემდეგ, უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ხელოვნური ჩარევა ყოველთვის  აფუჭებს საქმეს.

ქალბატონების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე ვთქვი, რომ ქალბატონებისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი, იმიტომ, რომ საქართველოში ქალის კულტი ყოველთვის იყო. მეთორმეტე საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე, თბილისის სიმბოლო არის ქართლის დედა… მე მქონდა შეხვედრა ქალბატონებთან, გუშინ მქონდა შეხვედრა სტუდენტურ პარლამენტთან და, უბრალოდ, აზრი ვკითხე მათ. ყველა მეუბნება, როდესაც ტექსტს ეცნობიან, ეს არის მათი შეურაცხყოფა. მე თვითონაც შეურაცხყოფილი ვიყავი, იმიტომ, რომ მე არ ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ქალბატონი იჩაგრება, რაღაც ნიშნით.

მოცემულობა თავად ჩემთვის არის მიუღებელი. რატომ ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი? შეიძლება ხვალ მოცემულობა იყოს, რომ 50% კი არა,  60% და 70% იყოს ქალბატონი. ხელოვნური ჩარევა ჩემთვის არის მიუღებელი. ყველა წარმატებული ადამიანი, ქალი იქნება თუ კაცი, უნდა მოხვდეს იგივე საკანონმდებლო ორგანოში. მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს თავად ქალბატონების შეურაცხყოფაა“.

კითხვაზე, რას გულისხმობს თვითონ განსხვავებულ სქესში, კობა ნაკაიძე ამბობს:

„ვიღაცები ითხოვენ მესამე სქესს… კვოტირება მაშინ პირველი – მეორე კი არ უნდა იყოს, შეიძლება პირველი, მეორე, მესამე იყოს.“

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს მესამე, კობა ნაკაიძე პასუხობს:

„არ ვიცი ეს, ტელევიზიით ალბათ უყურებთ ხომ, ვიღაცები ითხოვენ… ესაა ტრანსგენდერები და ა.შ… მე ვამბობ, რომ ყველას უფლებაა იყოს პარლამენტში, მაგრამ ქალბატონები, რომლებიც პრეტენზიას გვიცხადებენ, რომ ყოველი მეორე უნდა ვიყოთ, შეიძლება ყოველი მესამე იყვნენ.

…დღის წესრიგში დგას ეს თემა, ითხოვენ ვიღაცები, ამიტომ მათი უფლებებიც ხომ უნდა დავიცვათ, არა? მაშინ კვოტირებაში უნდა იყოს ერთი ორი სამი და არა ერთი – ორი.
ხვალ შეიძლება ეს მოცემულობა იყოს. ამიტომ დღეს უნდა განვსაზღვროთ, ჩვენ თუ დღეს გვაქვს ქალი-კაცი, მდედრი-მამრი, მაშინ ასე უნდა ჩავწეროთ. თუ არადა განსხვავებული რას ნიშნავს?
ხვალ შეიძლება განსხვავებული ვიღაცამ მოითხოვოს მესამე კი არა მეოთხე, შემდეგ მეხუთე, ამიტომ კონკრეტიკა არ იყო იქ და ამას გიზუსტებთ.  დღეს არის კატეგორია ადამიანების, რომელიც ითხოვენ მესამეს, არც ქალი არც კაცი. ეს არის და ეს.“

პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი ხელვაჩაურიდან, პროფესიით ექიმი ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ მას კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვები აქვს:

„სიმართლე რომ გითხრათ, მე საკმაოდ ეჭვებში ვარ, რომ ეს კანონი საერთოდ მისაღები არის, მაგრამ სწორად უნდა გაიგოთ. კვოტირება  ნიშნავს რაღაც ხელოვნურ მიდგომას ამ პრობლემაზე, ეს არის სიმპტომატური მიდგომა. თუ ქალბატონები არ შედიან აქტიურად პოლიტიკაში, პრობლემა ალბათ სხვა რაღაცაშია. კვოტირებით ამ  პრობლემას ვერ გადაწყვეტ. ალბათ ოჯახური პრობლემაა, ანუ დიასახლისობის პრობლემა. ჯობია, რომ ვისაუბროთ სხვა პრობლემებზე, რაც ქალბატონებს აწუხებთ – საკეისრო კვეთის ვაუჩერებზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობაზე, სადეკრეტო შვებულების გახანგრძლივებაზე და ა.შ. და არა კვოტირებაზე.

ქალები ახლაც  არიან პარლამენტში და ქალბატონის პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელი არ არის მაინც და მაინც სააპარლამენტო ტრიბუნა. თუ საპარლამენტოც იქნება, ცუდი არ არის. ყველა დონეზე საქართველოში ქალბატონს აქვს უფლება გამოვიდეს და გამოთქვას მისი აზრი, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

მედიცინაში არის ასეთი გამოთქმა, ან პათოგენეზური მკურნალობაა, ან სიმპტომატური. აუწევს ადამიანს ტემპერატურა – დაუწევს ტემპერატურა. ეს კვოტირება მაგას ჰგავს. მაგრამ რატომ აუწია ტემპერატურამ, რა პროცესები მიმდინარეობს, რა დაავადებაა, რით ვუმკურნალოთ, რა პროგნოზი გვაქვს, ეს უკვე პათოგენეზურია და ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა,“ – ამბობს ილია ნაკაშიძე.

მისივე თქმით, კანონპროექტში კითხვის ნიშნებს აჩენს ჩანაწერი „განსხვავებული სქესის შესახებ“:

„[კანონპროექტის ტექსტში] ჩანაწერი არის ცოტა არალოგიკური, რომ განსხვავებულ სქესზეა საუბარი და არა ქალბატონებზე. ეს განსხვავებული სქესი რას ნიშნავს, მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მე ორი სქესი ვიცი, მაგრამ  ამბობენ, მესამეც არისო. იქ საუბარი რომ ყოფილიყო ქალბატონებზე კომპლექსურად, შეიძლება კიდევ უფრო მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ეს განსხვავებული სქესი, ცოტა ეჭვებს იწვევს,“ – ამბობს ილია ნაკაშიძე.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად მიიღებს.

„უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტში გენდერული კვოტირების კანონპროექტს? – „ბათუმელებმა“ ამის შესახებ #24 მაჟორიტარული ოლქის (ქედა, შუახევი,ხულო) მაჟორიტარ, ანზორ ბოლქვაძესაც ჰკითხა. ის პარლამენტის სხდომას არ დასწრებია. ანზორ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი შუახევში მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.

„მე არ გამივლია კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ორშაბათიდან უმრავლესობასთან გავივლი კონსულტაციებს და შევთანხმდებით. ალბათ დავუჭერ მხარს კანონპროექტს,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

„უშუალოდ კვოტირებას, რომ განსაზღვრული რაოდენობა იყოს და თუ ქალი არ იქნა, პარტიასაც არ მიიღებენ რეგისტრაციაზე, ეგ ცოტა  გადამეტებულია, ჩემი აზრით. მექანიკურ კვოტირებას არ ვუჭერ მხარს. საერთო ჯამში მაინც მხარს დავუჭერ,“ – ამბობს ნუკრი [ლევან]  ბეჟანიძე, ბათუმის ოლქის მაჟორიტარი.

სხდომას ესწრებოდა კიდევ ერთი მაჟორიტარი ბათუმიდან მუხრან ვახტანგაძე. დეპუტატი ამბობს, რომ მან ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს არც მე და არც ჩვენს გუნდს. გუნდურად ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მომავალ პარლამენტში უფრო მეტი ქალი იყოს. უბრალოდ, ამ კვოტირებასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მე ვარ დეპუტატი, რომელიც გუნდური პრინციპებით მოქმედებს. ამიტომაც  შევიკავე თავი. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ერთ აზრზე და მივიღებთ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: