ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, ბინის იმ მესაკუთრეს, რომელმაც აივანი უკანონოდ ამოაშენა, შესაძლოა მშენებელმა კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმოს. მოქალაქემ აივანზე მოაჯირი 15 მარტს მოჭრა და კედლის ამოშენება დაიწყო. დღეს, ანუ 28 მარტს, მშენებლობა დასრულებულია – ამოყვანილ კედლებში ფანჯრებია ჩასმული, ხოლო ფასადი შეღებილია.

რატომ ვერ შეაჩერა ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა, როცა ფაქტის შესახებ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი?

„ჩვენ მესაკუთრესთან საერთოდ არ გვაქვს შეხება, რადგან სახლი ჯერ ექსპლუატაციაში არ მიგვიღია. თუ არ გამოასწორებენ ამ ყველაფერს, სახლს არ ჩავიბარებთ, მაგრამ პასუხს მოვთხოვთ მშენებელს და არა მესაკუთრეს“, – ამბობს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე.

მრავალბინიანი სახლი ვაჟა-ფშაველას #17-ში შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. ამ ეტაპზე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სახლის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის – დიმიტრი ჭაღალიძის მიერ წამოწყებულ უკანონო მშენებლობაზე [რასაც პროექტი არ ითვალისწინებდა] ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „დარ ბილდინგი“ 1000 ლარით დააჯარიმა. კომპანია ასევე გააფრთხილეს, რომ სანებართვო პირობების დარღევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მერია შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს. ამას დაემატება მშენებლობის ვადის დარღვევაც, რაც დამატებით საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს.

აივნის ამოშენების პროცესი, ვაჟა-ფშაველას #17

2018 წლის 23 მარტს „დარ ბილდინგმა“ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ოფიციალურად აცნობა, რომ ვაჟა-ფშაველას #17-ში მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა უკვე დაწყებულია და 15 დღეში დასრულდება. კომპანია ასევე დაჰპირდა მერიას, რომ  მიმართავდა ყველა ზომას, მესაკუთრე დიმიტრი ჭაღალიძის მიერ თვითნებურად ამოყვანილი ლოჯიის მოშლისა და პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

კომპანიამ მერიას მიაწოდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დაწყებულია პროცედურები მესაკუთრესთან ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაშლელად.“

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმის წარმოება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შენობა სანებართვო პროექტით გათვალისწინებულ პირობებს არ დაუბრუნდება. „ექსპლუატაციაშიც არ მივიღებთ ამ ობიექტს, ყოველ მომდევნო სამ თვეში კომპანია დაჯარიმდება ჯარიმის სამმაგი ოდენობით, ამის შემდეგ კი გადაეცემა აღსრულებას იძულებით აღსრულების მიზნით“, – განმარტავს ირაკლი მოქია, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ „დარ ბილდინგს“ შენობის ჩასაბარებლად აქვს ორი გამოსავალი – ახალი სანებართვო პირობების მიღება ან მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

შეიძლება თუ არა კომპანიამ დამატებითი სანებართვო პირობების მიღების შემთხვევაში, ამ პირობებში უკანონოდ ამოშენებული აივანიც გაითვალისწინოს? – ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ „შესაძლებელია, თუ მას მოშენების ფართობი ჰყოფნის და კოეფიციენტებში ჯდება“.

მსგავსი პრაქტიკა ხომ არ წაახალისებს უკანონოდ მიშენების მსურველებს? – ამ საკითხზე ზედამხედველობის სამსახურში უარყოფითი პასუხი აქვთ: „არა, რადგან უკანონოდ აშენებულის მოშლის შემთხვევებიც არის.“

საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე „ბათუმელებთან“ „დარ ბილდინგის“ ადვოკატმაც ისაუბრა: „ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ხელშეკრულების მოშლის პროცედურა. ის [მესაკუთრე] ამბობს, რომ ეს მან გააკეთა არ ცოდნით, ვინაიდან ჩათვალა, რომ სახლის უკანა ეზოში საპრობლემო არ იქნებოდა არაფერი. ახლა ამბობს, რომ თუ ის ვერ შეძლებს მშენებლობის კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცევას, თვითონ მოშლის. “

ადვოკატი ამბობს, რომ „დარ ბილდინგი“ არ აპირებს „დაელოდოს მესაკუთრეს, რადგან მესაკუთრე ამოშენებული აივნის მოშლას და მის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას დაჰპირდა“. თუმცა პირიქით მოიქცა – აივანი ბოლომდე ამოაშენა, ახალამოშენებულ კედელში ჩასვა ორი ფანჯარა, ხოლო მანამდე არსებული ფასადის კედელი მოშალა.

„დარ ბილდინგის“ ადვოკატის ინფორმაციით, დიმიტრი ჭაღალიძეს ეს ბინა უკვე გაფორმებული აქვს, როგორც საკუთრება. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომაც კომპანია მესაკუთრის წინააღმდეგ ნასყიდობის  ხელშეკრულებაში არსებულ იმ ჩანაწერის გამოყენებას გეგმავს, რაც ფასადის ცვლილებას ეხება: „…ჩვენ ყველა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მესაკუთრეს არ აქვს უფლება შეცვალოს ფასადის იერსახე, ჯერ შევეცდებით, რომ მოშალოს ეს საკუთარი ხელით. თუ არ დათანხმდება, ბუნებრივია, მივმართავთ სასამართლოს“.

ვაჟა-ფაშაველას #17-ში მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში მიმდინარეობს. შესაბამისად, როგორც პროექტს, ასევე პროექტში ცვლილებას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმება სჭირდება.

მესაკუთრემ მშენებლობა დაასრულა და ფასადიც შეღება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი