მთავარი,სიახლეები

კაფეზე მიშენებული აივნები ბათუმის ბულვარში

28.03.2018 • 11681
კაფეზე მიშენებული აივნები ბათუმის ბულვარში

როგორი უნდა იყოს პლაჟთან არსებული კაფე-ბარების იერსახე და არსებობს თუ არა საერთო პოლიტიკა შენობა-ნაგებობების იერსახესთან დაკავშირებით? – „ბათუმის ბულვარსა“ და მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. ექვემდებარება თუ არა რაიმე რეგულაციას აქ განთავსებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურა, ამის შესახებ დაზუსტებით ვერც მოიჯარეები საუბრობენ.

ზღვისპირა კაფე-ბარი „მედუზა“, რომელიც  ადრე „პიერ ბათუმის“ სახელით იყო ცნობილი, პლაჟზე, საკმაოდ დიდ ფართობზეა განთავსებული. მოიჯარე კაფეს იერ-სახეს უცვლის. მან კაფეს პლაჟის მხარეს დიდი თეთრი აივნები მიაშენა. როგორც კაფეს მეპატრონე, რამაზ ცეცხლაძე ამბობს, ის ტერიტორიაზე სხვა ცვლილებებსაც გეგმავს.

პლაჟი კაფე „მედუზას“ წინ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„აივნები იხსნება და როცა ტურისტული სეზონი დასრულდება, მოვხსნით და შევინახავთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ზღვასთან ახლოს იყვნენ ადამიანები. ვაპირებთ, შემოსასვლელებში და კაფეს შიგნითაც ყვავილები დავრგოთ,“ – გვეუბნება ის.

რამაზ ცეცხლაძის თქმით, ისინი საკუთარი გემოვნებით არაფერს წყვეტენ და ყველა ცვლილებას ბულვარის ადმინისტრაციას უთანხმებენ.

„ახალი პროექტი ოფიციალური არ არის, რადგან გენერალურს არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ გამწვანების კუთხით გვეუბნებიან, რომ ნატურალური გავაკეთოთ და ვრგავთ ყვავილებსა და პატარა პალმებს.

კაფეს მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, დაზიანებული ხის ნივთები და სხვადასხვა მასალა ყრია. როგორც ცეცხლაძე ამბობს, ამის გამო ისინი ათასი ლარით დააჯარიმეს კიდეც, თუმცა სამომავლოდ ესეც შეიცვლება.

„აქამდე სათავსო არ გვქონდა და არატურისტულ სეზონზე ყველაფრის დატოვება გვიწევდა, წელს გავაკეთეთ სათავსო და ზამთარში ეს ნივთები გარეთ აღარ იქნება გამოფენილი,“ – ამბობს ის.

ცარიელი კასრები პლაჟზე

„ბათუმის ბულვარში“ ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ იმ ობიექტების ვიზუალურ მხარეს აკონტროლებენ, რომლებიც ბულვარის ადმინისტრაციამ გასცა იჯარით, ხოლო მერიის ან ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ ობიექტების იერ-სახეზე ბულვარი პასუხისმგებელი არ არის.

„როცა ბულვარი გასცემს ტერიტორიას, ხელშეკრულებაში ჩადებულია პირობა, რომ ობიექტის განთავსებამდე ესკიზი აუცილებლად უნდა შეგვითანხმონ, შემდეგ უკვე მშენებლობაზე მერიამ უნდა მისცეს ნებართვა ან არ მისცეს,“ – გვეუბნება „ბათუმის ბულვარის“ იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, თამარ თავართქილაძე.

კაფეზე მიშენებული აივნები
ფოტო: ლელა დუმბაძე

იდენტური პასუხი გასცეს „ბათუმელებს“ მერიაშიც. „ჩვენ მხოლოდ მერიის მიერ გაცემულ ობიექტებს ვაკონტროლებთ. რაც შეეხება „მედუზას“, ამ მოიჯარესთან სასამართლო დავა გვაქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: