მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა ქონებას ფლობენ აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები

28.03.2018 • 3327
რა ქონებას ფლობენ აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები

2017-2018 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერებს შორის ყველაზე მეტ ქონებას ქედის მერი, ლევან გორგილაძე ფლობს.

2018 წლის 8 იანვარს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ბოლოს უძრავი ქონება – 1001 კვადრატული მიწის ნაკვეთი ლევან გორგილაძემგონიოში შეიძინა. მიწის შეძენის ფორმად დეკლარაციაში მფლობელობის აღდგენაა მითითებული.

ასევე ის ფლობს 120 კვადრატულ მშენებარე ბინას ქალაქ ბათუმში, რომელიც მიწის ნაკვეთის საფასურად შენდება. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 1994 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლსა და გორგასლის ქუჩაზე 92 კვადრატულ მეტრ ბინას.

ლევან გორგილაძე

ლევან გორგილაძის საკუთრებაშია „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ 2010“-ის აქციები, რომელიც 2011 წელს 8 737 ლარად შეუძენია.

1995 წელს 2 352 ლარად შეძენილ აქციებს ფლობს მერის მეუღლე – ს/ს „ტომაში“.

გასულ წელს სამეწარმეო საქმიანობიდან 47 373 ლარი მიუღია ლევან გორგილაძეს, ხოლო 16 620 ლარი – მის მეუღლეს. რა თანხა აიღო ქედის მერმა, როგორც საჯარო მოხელემ, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ქონებრივ დეკლარაციაში არც ხულოს მერს აქვს მითითებული გასულ წელს თანამდებობრივი სარგოს სახით მიღებული შემოსავლები. გოჩა მელაძეს დეკლარაციაში მხოლოდ ის აქვს მითითებული, რომ კურორტ „გოდერძისა“ და შემოსავლების სამსახურისგან მიიღო თანამდებობრივი სარგო.

გოჩა მელაძე

გოჩა მელაძეს, როგორც  კურორტ „გოდერძის“ დირექტორის მოადგილეს, გასულ წელს ხელფასის სახით 2 574 ლარი მიუღია, 3 345 ლარი კი – შემოსავლების სამსახურიდან. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ის მუშაობდა სსიპ სარფში ცვლის უფროსად.

ქონებრივი დეკლარაციით, გოჩა მელაძის საკუთრებაში არც უძრავ-მოძრავი ქონება ირიცხება და არც ფასიანი ქაღალდები. 5000 დოლარად ნაყიდი ავტომანქანა კი მისი მეუღლის, თეა იაკობაძის საკუთრებაა.

ფრიდონ ფუტკარაძე

2018 წელს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია შუახევის მერს, ფრიდონ ფუტკარაძეს. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია ფრიდონ ფუტკარაძეს 2017 წლის 23 ივნისს, როგორც შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს აქვს შევსებული.

ამ დეკლარაციის მიხედვით, მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს საცხოვრებელი სახლი და 2 500 კვადრატული მიწის ნაკვეთი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში. იმავე წელს მემკვიდრეობით მიუღია 80 კვადრატული მეტრი ბინა დაბა შუახევში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: