განათლება,მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების გადახედვას აპირებს

27.03.2018 • 8366
განათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების გადახედვას აპირებს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს საჯარო სკოლებში წამყვანი მასწავლებლის დანამატი 700 ლარით გაიზარდა, მენტორი მასწავლებლის კი – 1000 ლარით. თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, დანამატები მხოლოდ იმ მასწავლებლებს გაეზარდათ, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს.

რამდენად სამართლიანია სამინისტროს სახელფასო პოლიტიკა და რამდენ მასწავლებელს გაეზარდა რეალურად დანამატი მიმდინარე წელს?

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღეს საქართველოში სრულ განაკვეთზე მხოლოდ სამი მენტორი მასწავლებელი მუშაობს, 92 კი წამყვანი მასწავლებელია სრულ განაკვეთზე.

ბოლო მონაცემებით, საჯარო სკოლებში მთლიანად 63 604 პედაგოგია დასაქმებული. აქედან წამყვანის სტატუსი 216 მასწავლებელს აქვს, მენტორის სტატუსი კი – ცხრა მასწავლებელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი არც ისე დიდია, სამინისტრომ დანამატის მიღების კრიტერიუმი დაავიწროვა და  გაზრდილი დანამატი მხოლოდ იმ პედაგოგებს მისცა, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს.

დღეს 124 წამყვანი მასწავლებელი ვერ იღებს გაზრდილ დანამატს – 700 ლარს და 7 მენტორი, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სრულ განაკვეთზე არ მუშაობენ სკოლაში.

არის თუ სამართლიანი განათლების სამინისტროს სახელფასო პოლიტიკა? – როგორც მენტორი მასწავლებელი, ხათუნა ხალვაში გვეუბნება, არა.

„ვფიქრობ, არასამართლიანია ის, რომ ყველა წამყვანი და მენტორი მასწავლებელი ვერ იღებს გაზრდილ დანამატს. ვფიქრობ, დანამატს არც საშემოსავლო უნდა შეეხოს“, – გვეუბნება ის.

მენტორი მასწავლებლის თქმით, „რეალურად, სრული განაკვეთი 18 საათს გულისხმობს, მაგრამ ამდენი საათი ნამდვილად არ არის სკოლებში. ამიტომ, გარკვეული შეღავათი დაუშვეს და 15 საათი ვისაც აქვს, მათ შეუძლიათ გაზრდილი დანამატის მიღება“.

სამინისტროს პოლიტიკა დანამატებთან დაკავშირებით არასამართლიანად მიაჩნია კახეთის რეგიონში მომუშავე ერთ-ერთ პედაგოგსაც. მისი აზრით, გაზრდილი დანამატის მიღება, საათების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„მე მაქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, თუმცა 700 ლარის ნაცვლად 410 ლარს ვიღებ. სამართლიანი იქნება, თუკი დანამატის მიღება არ იქნება დამოკიდებული საათების რაოდენობაზე“, – გვეუბნება პედაგოგი, რომელსაც თავისი ვინაობის გასაჯაროება არ სურს.

„სქემის მიხედვით, დანამატის ზრდა ყოველთვის ნავარაუდევი იყო სრულ განაკვეთზე. ეს იყო წინა მინისტრის დროს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ თუ  სამინისტროს ახალი პოლიტიკა გაინტერესებთ, ყველაფერი გადაიხედება და შეიცვლება“, – უთხრა „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა.

მისი თქმით, სამინისტროში სახელფასო პოლიტიკაზე მუშაობენ და სიახლეები მალე გახდება საჯარო.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: