ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული.

კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში იყიდა. კომპანიის ახალი მფლობელი, ბიზნესის გაფართოების მიზნით, ახლა ბათუმის მერიისგან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებს, შენობებსა და პლაჟს 49 წლის ვადით გადაცემას ითხოვს.

კომპანია „ხიდი 2006“-ს ამ ტერიტორიაზე იჯარის წესით აქამდე აღებულ ჰქონდა რუსთაველის ქუჩის #34-ში არსებული 1924 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, ჯამში 1416,70 კვადრატული მეტრი.

კომპანია ამ ეტაპზე დამატებით ითხოვს 4728 კვადრატულ მეტრ პლაჟის ტერიტორიას და 4486 მიწის ნაკვეთს. წლიური საიჯარო საფასურის – 43 255 ლარის სანაცვლოდ.

ახალი მეიჯარე, ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილი ამ ადგილზე 7-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობას დებს, თუკი მერია მას დამატებითი ფართობს გადასცემს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მერიის ინფორმაციით, ედნარ პაპუნაიშვილი პირსის შენობის ადგილზე თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების საზაფხულო ღამის კლუბს მოაწყობას. გარდა ამისა, ნალექიან ამინდში სტუმრის ობიექტამდე მიცილების სერვისის დანერგვას აპირებს. სწორედ ამისთვის ითხოვს კომპანია რუსთაველის #34-ში მდებარე მთლიან უძრავ ქონებას.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ბათუმში. შესაბამისად, კომპანიისთვის ამ ქონების 49-წლიანი ვადით გადაცემა მიზანშეწონილად მიაჩნიათ.

ქონების გადასაცემად მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თანხმობას ელოდება.

ედნარ პაპუნაიშვილი კიდევ ერთი კომპანიის, შპს GTEM GROUP-ის მესაკუთრეა. ამ კომპანიის იურიდიულ მისამართად ქობულეთია მითითებული. პაპუნაიშვილი 5% წილს ფლობს ასევე კომპანია „ჯორჯიან მეტალ გრუპში.“

აჭარის მთავრობას შპს GTEM GROUP-ისთვის მიწის რამდენიმე ნაკვეთი აქვს გადაცემული კურორტ გოდერძიზე.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ედნარ პაპუნაიშვილს უყიდია სახლი მახინჯაურში, რომელიც ადრე ასლან აბაშიძეს, შემდეგ კი „ბათუმის ნავთობტერმინალს“ ეკუთვნოდა. ამ სახლის მიმდებარედ პაპუნაიშვილი კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს – ჯამში 3265 კვ/მეტრ მიწას და მათზე განლაგებულ შენობებს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი