განათლება,მთავარი,სიახლეები

ოთხი ბათუმელი მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის – FLEX-ის გაცვლითი პროგრამა 

26.03.2018 • 21135
ოთხი ბათუმელი მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის – FLEX-ის გაცვლითი პროგრამა 

ოთხმა ბათუმელმა მოზარდმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ისინი შემდეგ სასწავლო წელს ამერიკულ სკოლებში ისწავლიან. ერთ-ერთი მათგანი ლანა თურმანიძე სკოლა „ნიკეს“ მეათე კლასში სწავლობს. ის აშშ-ის გაცვლითი პროგრამის – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებულია. ლანას მსგავსად, შემდეგ წელს ბათუმიდან კიდევ ორი გოგონა და ერთ ბიჭი ისწავლის ამერიკულ სკოლაში.

ლანა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე მეორედ სცადა:„ამერიკაში წასვლა იმიტომ მინდა, რომ გავეცნო დასავლურ კულტურას. მაინტერესებს ის, რაც ვიცი შორიდან ამერიკის შესახებ, არის თუ არა ნამდვილად ისე, რაც მსმენია, წამიკითხავს ან ფილმებში მინახავს. მინდა, უმაღლესი განათლებაც ამერიკაში მივიღო. ის სპეციალობა – ბიოინჟინერია, რაც მე მაინტერესებს, ქართულ უნივერსიტეტებში არ ისწავლება. ბიოლოგია მიყვარს და ბიოინჟინერია მაინტერესებს. გარდა ამისა, ეს სპეციალობა არის პერსპექტიული, ანაზღაურებადი და საინტერესო“.

როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს? – ვეკითხებით ლანას.  „პირველ ჯერზე უფრო ნაკლებად გულწრფელი და უფრო შებოჭილი ვიყავი. მეგონა რაღაც შაბლონები არსებობდა, რისი მიხედვითაც უნდა მეპასუხა. თუმცა წელს უფრო გახსნილი და გულწრფელი ვიყავი და საკუთარი თავი უკეთ წარმოვაჩინე,“ – გვეუბნება ლანა.

ამბობს, რომ ბიოლოგიის გარდა აინტერესებს მუსიკა, ხატვა და სპორტი ნაკლებად. „ფლექსის გარდა, ვფიქრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო თურქეთში, ამერიკულ ბანაკში ყოფნა. იმედი მაქვს, რომ  ამერიკაში ცხოვრებაც საინტერესო იქნება,“ – ამბობს ის.

ლანა თურმანიძე

ელენე იმნაიშვილიც „ფლექსის“ გამარჯვებულია. ის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მეათე კლასში სწავლობს. ამბობს, რომ ეს ყველაზე პოპულარული გაცვლითი პროგრამაა ახალგაზრდებში და ბევრი თანატოლისგან მიიღო რეკომენდაცია, რომ ამ პროგრამაში მიეღო მონაწილეობა.

„წელს პირველად გავედი. მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ალღო ავუღე თითოეულ ტურს და ძალიან მიხარია, რომ ამირჩიეს. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ კომუნიკაბელურობას, საერთო ენის გამონახვას განსხვავებულ კულტურებსა და ტრადიციებს შორის,“ – ამბობს ელენე.

ელენეს ჯერ პროფესია საბოლოოდ არ აურჩევია, თუმცა ყველაზე მეტად ქიმია და ბიოლოგია აინტერესებს.

ელენე იმნაიშვილი

ფლექსის მესამე გამარჯვებულიც სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეა. გოგი მამუჭაძე მეთერთმეტეკლასელია. ის პროგრამის გამარჯვებული მეორე მცდელობის შემდეგ გახდა. გოგის მიაჩნია, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მას გამოცდილებას შესძენს როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე ახალი ინტერესების აღმოჩენაში.

„მომავალში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას ვაპირებ. არ მაქვს გადაწყვეტილი, უცხოეთში ვისწავლი თუ საქართველოში. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებაში ამერიკაში ცხოვრებაც დამეხმარება,“ -ამბობს გოგი.

მისი აზრით, პროგრამაში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია აქტიურობა და კომუნიკაბელურობა.

„გასულ წელს ერთი კვირით ვიმყოფებოდი სტრასბურგში, ევროპარლამენტში. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრება უცხოეთში დამოუკიდებლად. ვფიქრობ, ამერიკაში ცხოვრების ერთი წელი კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას მომცემს,“ – გვეუბნება გოგი.

გოგი მამუჭაძე

ფლექსის პროგრამის მეოთხე გამარჯვებული ბათუმის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე ელენა თავართქილაძეა. მისი აზრით, პროგრამაში გამარჯვება იმან განაპირობა, რომ შეძლო ეჩვენებინა რამდენად დამოუკიდებელია.

„ამერიკაში ცხოვრება და სწავლა იმიტომ მაინტერესებს, რომ ვნახო რა განსხვავებაა ჩვენსა და ამერიკას შორის. გარდა ამისა, ვიცი, რომ ამერიკაში ძალიან განვითარებულია მოხალისეობრივი საქმიანობა და მინდა, რომ ამის გამოცდილებაც მივიღო,“ – გვეუბნება ელენა.

ელენას მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა აქვს არჩეული. მოსწონს ფილმების ყურება და ფოტოგრაფია.

ის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ამ პროგრამაში გამარჯვების გარდა მიიჩნევს „Write On!“-ს, სადაც მეორე ადგილი აიღო ქვეყნის მასშტაბით.

ელენა თავართქილაძე

ფლექსის პროგრამა ამერიკაში ერთწლიან სწავლას გულისხმობს. მოზარდები მომავალი სასწავლო წლიდან გაემგზავრებიან შეერთებულ შტატებში. პროგრამის მონაწილეები ამერიკულ ოჯახებში იცხოვრებენ ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: