მთავარი,სიახლეები

მოწმე 20 წლის წინანდელ ყაჩაღობის ფაქტზე: აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ

26.03.2018 • 1975
მოწმე 20 წლის წინანდელ ყაჩაღობის ფაქტზე: აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ

„აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ. არც ის მახსოვს, რომ ჩვენება მივეცი გამოძიებას,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მოწმის სახით დაბარებულმა ნინო დუმბაძემ. ჯგუფური ყაჩაღობის შემთხვევა, რომელიც ბათუმში 20 წლის წინ მოხდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლა განიხილება.

გამოძიების ვერსიით, სამმა შეიარაღებულმა პირმა ლუდმილა და ვალერი ბლაგოვეშინსკების ოჯახი 1998 წლის 14 მაისს, დილის 5 საათზე დააყაჩაღა. წაღებულია 200 ამერიკული დოლარი და ოქროს ნივთები. თავდამსხმელებს ნიღბები და ხელთათმანები ეკეთათ.

გამოძიებამ 20 წლის წინ ამ საქმეზე რამდენიმე მოწმე დაკითხა და საბოლოოდ საქმე თაროზე შემოდო.

ჯგუფური ყაჩაღობის საქმეზე ძიება 2015 წელს განახლებულა, მას შემდეგ, რაც კანონით სავალდებულო გახდა დაწყებული გამოძიების დასრულება. პროკურატურამ მხოლოდ ერთი სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და მას ბრალიც წარუდგინა. ბრალდებული დავით ვ.-ს ადგილსამყოფელი არავინ იცის. ის იძებნება.

„ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს მოსამართლე,“ – დარწმუნებულია ადვოკატი, ირაკლი პირველი. ამის იმედს მას აძლევს მოწმეები, რომლებსაც ამბავი აღარ ახსოვთ. „სხვა მტკიცებულება კი საქმეში არ არის,“ – დასძენს ადვოკატი.

სასამართლოში გამოცხადებულმა ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ქალი, რომელიც დააყაჩაღეს, უკვე გარდაიცვალა, მისი ქმარი კი, საქართველოდან წავიდა.

„აი, ჩვენება, რომელიც თქვენ მიეცით გამოძიებას. ეს ხომ არის თქვენი ხელმოწერა?“ – მიმართა მოწმე ნინო დუმბაძეს პროკურორმა ლევან მურვანიძემ და 20 წლის წინ გამომძიებელ ზაზა თურმანიძის მიერ შევსებული ჩვენება ააფრიალა.

„ხელმოწერა ჩემსას ჰგავს, კი,“ – თქვა მოწმემ, როცა ძველ ფურცლებს გადაავლო თვალი, მერე ჩაფიქრდა და მოსამართლეს მიმართა:

„მახსოვს ის ქალი… რაღაც ნივთებს ყიდდა და სუნამოებს. მოვიდოდა ოჯახში, დაგიტოვებდა, მერე ფულზე გამოივლიდა… ერთხელ ჩემი ძველი შუბა მივეცი, იქნებ გამიყიდო-მეთქი. მაგის ფული თუ დამიბრუნა, აღარ მახსოვს. ისეთი ქალი იყო, არც თვითონ შეირჩენდა და არც შენ შეგარჩენდა რამეს… ჭავჭავაძის და ლერმონტოვის კვეთაში რომ ცხრიანია, აი, იქ ცხოვრობდა“.

მოსამართლე: „თქვენ ამ საქმესთან შეხება არ გქონიათ. მეც გაკვირვებული ვარ, რატომ დაგიბარეს“.

სხდომის დასასრულს მოსამართლემ პროკურორს უთხრა: „იმედია, შემდეგ სხდომაზე მნიშვნელოვანი მოწმეების წარმოდგენას შეძლებთ“”.

„20 წლის წინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი,“ – დასძინა პროკურორმა, ვიდრე მოსამართლე სხდომის დარბაზს დატოვებდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: