მთავარი,სიახლეები

„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

25.03.2018 • 2019
„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოთხთვიანი გამოძიების შედეგად „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორ პირს დაეკისრა. ერთ-ერთი ბრალდებული არის საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდში“ საწყობის ადმინისტრატორის/გამგეს პოზიციაზე მუშაობდა. მეორე ბრალდებული – თურქეთის მოქალაქე ფადიმ იავუზი სასტუმროში ტექნიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა.

ბრალდების თანახმად, დაკავებულებს შპს “მერსინ ტურიზმთან” გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალებოდათ.

არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებულ გიორგი მიქელაძის დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს დაცვის მხარემ გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა შესთავაზა.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა ბრალდებულ ფადიმ იავუზის ადვოკატიც. ამ შემთხვევაშიც სასამართლოს გირაოს თანხად 20 ათასი ლარის გადახდა შესთავაზეს. დაცვის მხარე მზად არის, სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში, გირაოს თანხა გაზარდოს. გარდა ამისა, ფადიმ იავუზს თავდებში უდგება აჭარის რაგბის კავშირის თავმჯდომარე, ზურაბ დოლიძე.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმის აღკვეთ ღონისძიებას 50-მდე პირი ესწრებოდა

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატების შეთავაზება და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: