მთავარი,სიახლეები

მოგზაურობა კახეთში

24.03.2018 • 5935
მოგზაურობა კახეთში

ზამთარია და, ალბათ, ბევრი თქვენგანი ზამთრის კურორტებს ეძებს დასვენება-განტვირთვისთვის, სხვა ალტერნატივას კი არ განიხილავთ. კახეთზე რას იტყვით? იქ არც სასრიალო ტრასა დაგხვდებათ და არც თოვლით დაფარული წიწვოვანი ტყის პეიზაჟი, მაგრამ დაგხვდებათ კავკასიონი, თვალუწვდენელი ალაზნის ველი და ზამთრის ქალაქები – სიღნაღი და თელავი. მართალია, ეს ორი ქალაქი წელიწადის ყველა დროს შეიძლება ნახოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, წლის ამ დროს, ზამთარში, განსაკუთრებულად მიმზიდველი და დასამახსოვრებელია.
ჰოდა, ავდექი და წავედი.

სიღნაღში ჩასვლამდე, გზად პატარა სოფლები ვნახე. მანავსა და ბადიაურს ყველა გაივლის – მგზავრიც და ტურისტიც. მანავი ღვინის გარდა ჩურჩხელებითა და ტკბილეულით გამოირჩევა. მთელ სოფელში, გზის ორივე მხარეს, ადგილობრივებს გასაყიდი ჩურჩხელები აქვთ გამოტანილი. ბადიაური კი თონეებით სავსე სოფელია, სადაც კახური შოთი, ცხვრის ან ძროხის ყველი შეგიძლიათ იყიდოთ და მიირთვათ. არის ასეთი სოფელი, ილიაწმინდა, რომელსაც ადრე ულიანოვკა ერქვა, ულიანოვკამდე კი ახალი ალექსანდროვკა.

ილიაწმინდა თავისი არქიტექტურით კახეთის სხვა სოფლებისგან გამოირჩევა. პატარა, ფერადი, მოჩუქურთმებულაივნიან სახლებს ტრადიციული კახური სოფლის ნაცრისფერ პეიზაჟში ფერადოვნება შეაქვთ. ყველგან არა, მაგრამ ბევრ ეზოში შემორჩენილია ძველი ალიზის სახლების ნანგრევები.

ალიზით ნაშენი სახლის ნანგრევი ილიაწმინდაში

ილიაწმინდაში მალაკნები ცხოვრობენ – ასე უწოდებენ რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II-ის მიერ კავკასიაში გადმოსახლებული ერთ-ერთი მიმართულების ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენლებს. ხისა და აგურის სახლების აშენებამდე მალაკნების საცხოვრებელი ალიზით აშენებული სახლები იყო.

ილიაწმინდა

არ ვიცი, რამდენი მოგზაურია, ვისაც ძველი, მიტოვებული რკინიგზის სადგურის ნანგრევების ნახვა აინტერესებს, მაგრამ თუ გსურთ თქვენს მოგზაურობას ცოტა მისტიკა შეჰმატოთ, ილიაწმინდას რკინიგზის სადგურზე მიდით.

იქ, სადაც არც თუ ისე შორეულ წარსულში ადამიანები სამგზავრო მატარებელს ელოდებოდნენ, სადაც სოფლის სიჩუმეს მატარებლის გაბმული სიგნალი არღვევდა, ახლა სრული სიჩუმე და მდუმარებაა. ნახევრად დანგრეული, თლილი ქვით ნაგები სადგურის შენობა ცხვრებისა და სოფლის ძაღლების თავშესაფრადაა ქცეული. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ამ ადგილს ისეთი იდუმალი მიზიდულობის ძალა აქვს, წამოსვლაც დაგენანებათ. ხოლო როცა წამოხვალთ, უკან დაბრუნება მოგინდებათ. 

ილიაწმინდადან მაჩხაანში ჩავედი. მაჩხაანი სიღნაღთან ახლოსაა და ყველაზე სევდიანი სოფელია მათ შორის, რომელი სოფელიც ოდესმე მინახავს. ამ სოფელში ორი საუკუნის წინ უფრო აქტიური იყო ცხოვრება, ვიდრე დღეს. მე-19 საუკუნის ქვემო მაჩხაანი ქიზიყის ცენტრად მოიაზრებოდა, სოფელში იყო დიდი ბაზარი, რომელშიც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხები პროდუქტებს ყიდულობდნენ და ყიდდნენ.

სოფელში 150-მდე სავაჭრო დუქან-სახელოსნო ყოფილა.   სოფელს ჰქონდა საკუთარი თეატრი. ეს თეატრი მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენეს და რომელიც დღემდე უცვლელი სახითაა შემორჩენილი.

მაჩხაანის თეატრი

ქვემო მაჩხაანიდან ათი წუთის სავალზეა ქალაქი წნორი. ვერ გეტყვით, რომ წნორი რაიმე არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა, მაგრამ ეს ქალაქი აუცილებლად დაგაინტერესებთ, თუ პატარა ქალაქების ცხოვრების რიტმზე დაკვირვება მოგინდებათ. რაც მთავარია, მთელს კახეთში არსად არის ისეთი სივრცე, როგორიც წნორის „ცოდნის კაფეა“.

„მე მგონია, რომ ბევრ რამეს ცვლის ამ ქალაქში „ცოდნის კაფე“. ვისაც რამის კეთება უნდა, ყველა აქ მოდის. ვისაც სიმყუდროვე უნდა, აქ მოდის; ვისაც აინტერესებს, როგორია ცხოვრება ევროპაში, აქ მოდის. შეგიძლია განვითარდე, განიტვირთო, გაერთო“, – მეუბნება კაფის დამფუძნებელი ნანა.

მართლაც, ნაცრისფერი ქალაქის რეალობაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელსაც ყველაზე ფერადი ეზო აქვს, სადაც მყუდრო კაფეა, აუცილებლად მოგანდომებთ უკან დაბრუნდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ ან ქლიავის ჩირიანი მაყვლის მურაბა გასინჯოთ.

ადრე წნორი საბაგიროთი სიღნაღს უკავშირდებოდა. 1993 წლის შემდეგ საბაგირო გზამ ფუნქციონირება შეწყვიტა. დღეს შენობა დანგრეულია და გაძარცვული. როცა წნორიდან სიღნაღში ახვალთ და გალავნის კარს მიადგებით, აუცილებლად უნდა შეისვენოთ და სპეციალური გადასახედიდან ალაზნის ველს გადახედოთ. მერე კი ქალაქის ქუჩებს აუყვეთ.

სიღნაღის ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, ვერც იმას გეტყვით, რა უნდა ნახოთ სიღნაღში, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ. უბრალოდ, უნდა ადგეთ ერთ დღეს, მარტო ან მეგობრებთან ერთად, და ნახოთ ეს პატარა, ჯადოსნური ქალაქი. იხეტიალოთ ქუჩებში დიდხანს, მანამ, სანამ ისე არ დაიღლებით, რომ ფეხის გადადგმის თავი არ გექნებათ. ახვიდეთ ქალაქის გალავანზე და იქამდე დარჩეთ, სანამ ალაზნის ველის ცქერით არ დაიღლებით.
ღამის გათევას რაც შეეხება, გირჩევთ, ისეთი სასტუმრო აარჩიოთ, საიდანაც ალაზნის ველი გამოჩნდება, რომ დილას, როდესაც გათენდება და მზე ამოვა, ენით აღუწერელი სილამაზის ხილვის შესაძლებლობა გქონდეთ.

სიღნაღი

დაფიქრებულხართ ოდესმე, სად ქრებიან ადგილობრივები, როცა მათი ქალაქები ტურისტულ ცენტრებად იქცევიან? მე სიღნაღმა დამაფიქრა. წნორისგან განსხვავებით, სიღნაღი იყო ცარიელი. ტურისტები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ქალაქის ერთი თავიდან მეორეში, აი, ადგილობრივები კი არსად ჩანდნენ.

იმისთვის, რომ სიღნაღელები მენახა, სიღნაღის ბაზარში წავედი, რომელიც ქალაქის მთავარ ქუჩაზეა. თქვენც გირჩევთ, ბაზარი არ გამოტოვოთ და როცა იქ მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ. გარდა იმისა, რომ უგემრიელესი კახური ჩურჩხელები იყიდება, ადგილობრივების ნახვისა და გაცნობის საუკეთესო საშუალებაც ბაზარია.

სიღნაღისგან განსხვავებით თელავი უფრო დიდია და უფრო ხმაურიანი. არც ადგილობრივთა ნაკლებობაა ქუჩაში და არც ტურისტების. ფეხით სეირნობისთვისაც არაჩვეულებრივი ქალაქია. აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის ნადიკვარის პარკი, რვაასი წლის ჭადარი და ერეკლეს სასახლეა.

ჩემი სუბიექტური აზრით და მცირედი დაკვირვებით, კახეთში ღვინოს ის ადამიანებიც კი სვამენ, ვინც იქ ჩასვლამდე ალკოჰოლს ახლოსაც არ ეკარებოდა. ჩემი ფავორიტი “ქინძმარაულია”, ნახევრად მოტკბო შავი ღვინო. არ ვიცოდი და სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე წნორელმა ტაქსის მძღოლმა ამიხსნა, თუ რატომაა განსაკუთრებული ყვარლის “ქინძმარაული”, “მანავის მწვანე” ან კარდენახის “წარაფი”, წნორის “რქაწითელი” და “საფერავი”.

„მიწა აძლევს გემოსო“, მითხრა. ისიც ამიხსნა, რომ ყვარლის “ქინძმარაული” მხოლოდ ერთ მიკროზონაში მოდის. და როგორც არ უნდა ეცადო სხვაგან მოყვანას, ვერაფრით მიიღებ იმ გემოს, რომელიც ნამდვილ  “ქინძმარაულს” აქვს.

ქინძმარაული

კახეთში ღვინის მწარმოებელი ბევრი კომპანია და ქარხანაა, რომლებიც ტურისტებს ღვინის დაგემოვნებასა და მინიტურს სთავაზობენ, რაშიც ღვინის დამზადების ტექნოლოგიის აღწერა და ღვინის მუზეუმების დათვალიერებაც შედის. ზოგი ტური უფასოა, ზოგი – ფასიანი. გააჩნია, რომელი კომპანიის ღვინის მუზეუმს მიაკითხავთ.
მთელი კახეთი პატარ-პატარა რესტორნებითაა სავსე, ზოგან გემრიელად შეჭამთ, ზოგან – იმედი გაგიცრუვდებათ. ის, რაც ყველგან გემრიელია, იმის მიუხედავად, ძვირადღირებულ რესტორანში იყიდით, თუ სოფლის პატარა თონეში, კახური შოთია.

სიღნაღი

სიღნაღის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა

სიღნაღი ნისლში მისტიურ ქალაქს ჰგავს

ჩემს წნორელ ტაქსის მძღოლს თუ დავუჯერებთ, რომელიც ტურისტებს მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ატარებს, აქ ჩამოსულები ყველაზე მეტ ფულს სწორედ ჭამაში ხარჯავენ.
„ჩვენთან რომ ჩამოდიან, მუცელს ჩასტირიან. ჩასტირიან რას ნიშნავს და ესე იგი, ძაან დიდ პატივსა სცემენ მუცელსა. ყველაფერში შეიძლება დაენანოთ ფულის გადახდა, საჭმლის გარდა“.
არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში არ არის ისე მოწესრიგებული გადაადგილება, როგორც კახეთში. მაგალითად, თბილისიდან სიღნაღში ჩასვლა სამარშრუტო ტაქსით 6 ლარი ღირს, ტაქსით – 10 ლარი. ტაქსი უფრო კომფორტულია, მიკროავტობუსი კი განსაზღვრულ დროს გადის. ტაქსით 10 ლარად სიღნაღში რომ ჩახვიდეთ, ე.წ. შევსებას უნდა დაელოდოთ. კახეთში შიდა გადაადგილება შედარებით მოსახერხებელია. ოღონდ ინფორმაცია, სად და როგორ წახვიდეთ, არსად არის განთავსებული. მოგიწევთ, უშუალოდ ავტოსადგურში მიხვიდეთ და იქ გაარკვიოთ, რომელი მიმართულებით რა ტრანსპორტი მოძრაობს. ან ტაქსი დაიქირაოთ და ისე წახვიდეთ სასურველი ადგილის სანახავად.

სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელების” დეკემბრის ნომერში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: