მთავარი,სიახლეები

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს ბათუმის მცხოვრები ცემაში ადანაშაულებს

24.03.2018 • 4040
პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს ბათუმის მცხოვრები ცემაში ადანაშაულებს

ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ წუხელ, 23 მარტს, უცნობმა პირებმა საქართველოს პარლამენტის წევრის,  მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს.

“ორ მეგობართან ერთად პანაშვიდზე ვიყავი აეროპორტის დასახლებაში. ჩემი ძმაკაცის სიძე გარდაიცვალა. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო. პანაშვიდიდან გარეთ როცა გამოვედით, დაგვხვდნენ. დაახლოებით 10-12 კაცი იყო. ჩვენ ვიყავით სამი. სამივე ნაცემი ვართ. რომ წავიქეცი ერთ-ერთმა მითხრა მუხრან ვახტანგაძისგან მოკითხვას გითვლითო. ჩვენ მოჭიდავეები ვართ და მოჭიდავეებს როგორ შეეხე შენო. თან გვცემდნენ, თან გვაგინებდნენ – ძაღლებთან წადი, გვიჩივლე, ახლა ფეხები ვერ მოგვჭამოს ვერავინო. ჩემ ერთ მეგობარს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორე მეგობარი კიდევ მაგარი ნაცემია,” – ყვება ჯელალ ქიქავა.

ქიქავას თქმით, ის და მისი მეგობრები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტრიზის ბიუროში სასწრაფომ გადაიყვანა. ქიქავა ამბობს, რომ მუხრან ვახტანგაძე მას შემდეგ ემუქრებოდა, რაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ზონდერად მოიხსენია.

ჯელალ ქიქავა წლების მანძილზე ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები  21-ე საუკუნეს” ხელმძღვანელობს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ 126-ე (ძალადობის)  მუხლით არის დაწყებული.

“ბათუმელები” ცდილობს პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძესთან დაკავშირებას. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: