სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის ფაქტზე ორი მენეჯერი დააკავეს

შს სამინსიტროს ცნობით, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს – ამის შესახებ დღეს, 23 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა ბრიფინგზე.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.

„ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com