მერია ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლის

ძველ ბათუმში ეზოების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ბათუმის მერია ეკონომიკური პოტენციალის კვლევას შეისყიდის. კვლევისთვის ბიუჯეტში 20 000 ლარს გაითვალისწინებენ. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაციის შესარჩევად  მერია ტენდერს გამოაცხადებს.

კვლევის მიზანი იქნება სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად, ბიზნესგეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაპროექტება.

ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტების წახალისების იდეაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მერმა ასეთ წარმატებულ მაგალითად „დელირია“ დაასახელა, ისტორიული სახლი ძველ ბათუმში, რომლის მეპატრონემაც სახლში კაფე-რესტორანი გახსნა.

მერის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება.  არჩილ ვანაძის ინფორმაციით შერჩევისას პრიორიტეტს მიანიჭებენ იმ პროექტებს,  რომელთა  თანადაფინანსების წილი მოსახლეობის მხრიდან  მაღალი იქნება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი