მთავარი,სიახლეები

საგამოძიებო: სარფში 40 კგ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოვიღეთ

23.03.2018 • 1557
საგამოძიებო: სარფში 40 კგ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოვიღეთ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფში, 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს, რაც საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელია, რაც კი ამოუღიათ.

საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე –  აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „MERCEDES BENZ“’-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება  2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო  ამოღებული ავტონაწილების  ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე  გამოძიება გრძელდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: