მთავარი,სიახლეები

საქართველო და წყლის დეფიციტი

23.03.2018 • 3665
საქართველო და წყლის დეფიციტი

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში, სადაც ამ ბუნებრივი რესურსის ფასი საკმაოდ დაბალია და რაოდენობაც დიდია, წყლის დაზოგვის საკითხი ერთი შეხედვით შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა წყალი ერთ-ერთი ყველაზე განლევადი ბუნებრივი რესურსია და მისი აღდგენა მარტივად და სწრაფად არ ხდება.

როგორ იცავენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წყლის რესურსს და არსებობს თუ არა წყლის დეფიციტის სამომავლო საფრთხე საქართველოში? წყლის რესურსთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებს გარემოსა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსი, მარიამ მაკაროვა პასუხობს.

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში წყლის რესურსების დაცვას, როცა ეს რესურსი ქვეყანაში ბევრია?

მართალია, საქართველო მდიდარია წყლის რესურსით, თუმცა ეს რესურსი ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივად არათანაბრადაა გადანაწილებული: სამი მეოთხედი არის დასავლეთ საქართველოში და მხოლოდ ერთი მეოთხედი აღმოსავლეთ საქართველოში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დღეს არ გვაქვს წყლის დეფიციტი, ხვალ არ გვექნება პრობლემა – ვითარდება მრეწველობა, მოთხოვნაც იზრდება წყალზე და რესურსის მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სამომავლო პრობლემები ავიცილოთ თავიდან.

თუ არსებობს სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამები, რაც ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებაზეა ფოკუსირებული?

ცოტა ხნის წინ დამთავრდა USAID-ის პროექტი ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვის შესახებ და სკოლებში შეიქმნა ეკოკლუბები, რასაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. ვატარებთ ტრენინგებს დონორების საშუალებით სხვადასხვა ჯგუფებისთვის: სახელმწიფო მოხელეების, არასამთავრობო სექტორის, სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა, მეტი უნდა გაკეთდეს ამ მხრივ, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინიციატივები.

საქართველო არის ორფუსის კონვენციის წევრი, რაც გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამგვარად რესურსების დაცვის საკითხებში საზოგადოების ჩართულობა არამხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულოცაა.

როგორ შეაფასებდით წყლის რესურსის მართვის ახლანდელ მდგომარეობას ქვეყანაში, ვიყენებთ რესურსს რაციონალურად? ან რატომ ვერ ხერხდება დღემდე წყლის ექსპორტი ვაქციოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ გზად?

იმისთვის, რომ გაიტანო მსოფლიო ბაზარზე წყლის რესურსი, აუცილებელია თითოეული მდინარის გამოკვლევა – საიდან რამდენი წყლის ამოღება შეიძლება, უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი: მოუტანს თუ არა ქვეყანას სარგებელს წყლის ექსპორტი, ხომ არ დააზიანებს საბადოს დიდი რაოდენობით წყლის ამოღება, რამდენ ხანში განახლდება ბუნებრივად რესურსი და ა.შ.

ქვეყნის წყლის რესურსის ზოგადი შეფასებები არის, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს კონკრეტული შეფასება.

სხვა საკითხია მიწისქვეშა წყლების აღება, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ლიცენზია, დასკვნები: რა იქნება შედეგი, დაზიანდება თუ არა გრუნტის წყლები ამით და ა.შ. ამ ლიცენზიებს გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სპეციალური სამსახური.

წყლის რესურსის დასაზოგად რა თანამედროვე და ეფექტური მიდგომები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, რაც შეიძლება კარგ მაგალითად ჩვენთვისაც გამოდგეს?

ევროპაში ცდილობენ წყლის მეორადი გამოყენების დანერგვას, წმენდენ საკანალიზაციო წყლებს იმ დონეზე, რომ სარწყავად გამოიყენონ. შედეგად სუფთა წყლის გამოყენება მცირდება, იზოგება პირველადი რესურსი. მეორადი წყლის გამოყენება მთელ მსოფლიოში აქტუალურია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს წყლის რესურსების მართვის ახალ კანონპროექტზე. ამ კანონის პრინციპები დაფუძნებულია ევროკავშირის მიდგომებზე. დანერგილი იქნება საავზო მართვის სისტემა. აღიარებულია, რომ ეს სისტემა საუკეთესოა. საავზო მართვისას ნორმირებული იქნება ჩამდინარე წყლები, მართვა შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ მდინარის ავზის ფარგლებში და არა ისე, როგორც დღეს: მდინარიდან იღებენ რეგიონებში პირდაპირ წყალს, წმენდენ და აწოდებენ მოსახლეობას. ასე აღარ მოხდება.

მდინარე რიონს, მაგალითად, შეისწავლიან თავისი შენაკადებით და გაკეთდება ანალიზი: რა რაოდენობის წყალი შეიძლება ავიღოთ მდინარიდან ისე, რომ დავზოგოთ რესურსი.

სოფლებში რთული სიტუაციაა, როგორც წყლის ხარისხის, ასევე მიწოდების მხრივ, ბევრგანაა მოუწესრიგებელი მილები… თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან უზრუნველყონ საკუთარი ტერიტორიების წყლის რესურსით.

ვიცით, რომ მოსახლეობა არ ერიდება მდინარეების დაბინძურებას, ხშირად ვხედავთ მდინარის პირას დაყრილ ნაგავს. მანქანებს რეცხავენ მდინარეში…

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ელემენტარულია, რაც არ უნდა გავაკეთოთ. გარემოს დაცვის სააგენტოს უნდა ჰქონდეს რეაგირება წყლის დაბინძურებაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წყლის დაბინძურებაზე არის ჯარიმები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია არის ინსპექტირება და დარღვევების შემთხვევაში მოქალაქე ან საწარმო უნდა დაჯარიმდეს.

ტარდება თუ არა მონიტორინგი, რამდენად ჯარიმდებიან წყლის დაბინძურებისთვის საწარმოები და მოქალაქეები?

ეს საკითხი წყლის სამმართველოს არ ეხება და ზუსტ ციფრებს ამ საკითხზე ვერ მოგაწოდებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: